ახალი ამბები

რესპუბლიკელები მოუწოდებენ შსს-ს, სამტრედიის პოლიციაში ვითარება სრულყოფილად შეისწავლოს

3 სექტემბერი, 2016 • 1316
რესპუბლიკელები მოუწოდებენ შსს-ს, სამტრედიის პოლიციაში ვითარება სრულყოფილად შეისწავლოს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტს ეხმაურება და შს მინისტრს მიმართავს, რომ სრულყოფილად შეისწავლოს სამტრედიის პოლიციაში არსებული ვითარება.

რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ უზრუნველყონ ყველა მოწმის უსაფრთხოება.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავ სისტემაში ჯერ კიდევ მძლავრად მუშაობს დაშინებისა და დაშანტაჟების პრაქტიკა. ყოველივე ამას კი სისტემური ხასიათი აქვს, წერია პარტიის განცხადებაში.

“ჩვენ, რესპუბლიკელები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. დღეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სრულიად ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში არსებული შანტაჟის სისტემა კიდევ უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს და საზოგადოება ვერ ხედავს ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას”, – წერია განცხადებაში.

დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ დღეს, 3 სექტემბერს, ღამის სამ საათზე მას თავს დაესხა ნაცნობი პირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჯოჯუა ამბობს, თავდამსხმელს პოლიცია სთხოვდა, რომ ჯოჯუა ეიძულებინა,  არ ჩაძიებოდა მისი შვილის თვითმკვლელობის საქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. პოლიცია აცხადებს, რომ ჯოჯუას შელაპარაკება მოუვიდა მამაკაცთან. კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ბრალდებული, პასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

22 წლის დემურ სტუტუამ თავი 7 აგვისტოს მოიკლა. როგორც თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ყვება, თვითმკვლელობამდე პოლიციელის მხრიდან მუდმივი მუქარისა და ცემის გამო მივიდა. იგი ასახელებს პოლიციელს, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს. სტურუას თქმით, პოლიცელი მას სთოვდა მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მარიხუანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი