ახალი ამბები

EMC: დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

3 სექტემბერი, 2016 • 1244
EMC: დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ დემურ სტურუას დედის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული პოლიციის თანამშრომელია და ადგილობრივი პოლიციის მიმართ ოჯახს ნდობა არ გააჩნია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სტურუას ოჯახის უსაფრთხოებისთვის პირველ რიგში არსებითი მნიშვნელობა აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტის დროულ გამოძიებას და დასრულებას, ისევე როგორც უკვე ახალი ძალადობის საქმეში ობიექტურ, სწრაფ და სრულყოფილ გამოძიებას.

EMC-ის ცნობით, ნონა ჯოჯუას ახსნა-განმარტების მიხედვით, მოძალადე პირი სატელეფონო ზარებით და მესიჯებით აგრძელებს სიცოცხლის მოსპობით მუქარას, რაც გამოძიების მიერ ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული და გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

გამოძიების სწორად და ეფექტურად მიმდინარეობის მიმართ ასევე ეჭვს ბადებს დაზიანებების ხარისხი და გამოძიების მხოლოდ ცემის ფაქტზე დაწყება, ხოლო დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ უნდა იყოს აღქმული დემურ სტურუას საქმის გამოძიებისგან იზოლირებულად. გამოძიებამ აღნიშნული ძალადობა, მათ შორის, უნდა შეაფასოს დაზარალებულზე და მოწმეებზე (მათ შორის, პოტენციურ მოწმეებზე) შესაძლო ზეწოლის ფაქტად, აცხადებს EMC.

ორგანიზაციისთვის გაუგებარია აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ნონა ჯოჯუას ცემა ხსენებულ პირთან პირადი ხასიათის კონფლიქტის შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ამ მომენტამდე ხორციელდება და საქმის მოტივი ჯერ გამოკვეთილი არ არის, ეჭვს ბადებს შსს-ს მიერ ძალადობის მოტივის წინასწარი დასახელება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

დემურ სტურუას ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მსგავსი ძალადობრივი შემთხვევების პრევენციის მიზნით მათ მიმართ გამოიყენონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, ვინაიდან გარდაცვლილი სტურუას ოჯახის წევრები შიშის და დაუცველობის ქვეშ იმყოფებიან და მათზე განმეორებითი თავდასხმის თავიდან აცილებისთვის ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ არის მიღებული, აცხადებს EMC.

EMC-ის მიაჩნია, რომ დემურ სტურუას დედის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმის სწორად გამოძიებისთვის აუცილებელია:

  • საქმეზე გამოძიება გააგრძელოს პროკურატურამ;
  • კვალიფიკაციის შეცვლა მოხდეს ნონა ჯოჯუას სხეულის დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით და გამოძიება ასევე დაიწყოს შემდგომი მუქარის ფაქტებზე;
  • ნონა ჯოჯუასა და მისი შვილის მიმართ გამოყენებული იქნას დაცვის სპეციალური ღონისძიები მათი უსაფრთხოების მიზნით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი შეიკავოს დანაშაულის შესაძლო მოტივებზე მითითებისგან, სანამ შესაბამისი დეტალები გამოძიების მხრიდან არ იქნება გამოკვეთილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი