ახალი ამბები

დემურ სტუტუას დედა აცხადებს, რომ სცემეს, სავარაუდოდ პოლიციის დავალებით

3 სექტემბერი, 2016 • 1823
დემურ სტუტუას დედა აცხადებს, რომ სცემეს, სავარაუდოდ პოლიციის დავალებით

დემურ სტუტრუას დედა ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ დღეს, 3 სექტემბერს გამთენიისას სცემეს, სავარაუდოდ, პოლიციის დავალებით.

ნონა ჯოჯუას თქმით, ღამის სამ საათზე მასთან სახლში მივიდა კაცი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა. ჯოჯუას თქმით, ახლა ქუთაისში ექსპერტიზაზე იმყოფება. ჯოჯუა აცხადებს, რომ დაზიანებული აქვს თავი, ყურის მიდამო, ხოლო ტანზე აქვს დაჟეჟილობები.

“მოწმის სახით იყო დაკითხული. ამაზე იყო გამწარებული, მე რატომ  მახსენეთო. პოლიციელი, რომელიც გოდერძისთან ახლობლობდა, ის მივიდა მასთან, სანამ ჩემს შვილს დავასაფლავებდით, და უთხრა, რომ ნონა გააჩერეთო. ეს მინდოდა, რომ პროკურატურაში ეთქვა და ამაზე იყო გამწარებული”,  ამბობს ნონა ჯოჯუა.

ჯოჯუას თქმით, პირი, რომელიც თავს დაესხა, იმ პოლიციელსაც უნდა შეხვედროდა, რომელიც დემურ სტურუას წერილშია ნახსენები.

ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ თავდამსხმელს 10 წელია იცნობს და მოწმის სახით ჰყავს დაკითხული პოლიციას. ჯოჯუა ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი პოლიციის დავალებით მოქმედებდა. დაზარალებულის თქმით, მან პოლიციას გამოუძახა, ხოლო თავდამსხმელი პოლიციის მანქანით წაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამიძება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. პოლიცია აცხადებს, რომ ჯოჯუას შელაპარაკება მოუვიდა მამაკაცთან. კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ბრალდებული, პასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

22 წლის დემურ სტუტუამ თავი 7 აგვისტოს მოიკლა. როგორც თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ყვება, თვითმკვლეობამდე პოლიციელის მხრიდან მუდმივი მუქარისა და ცემის გამო მივიდა. იგი ასახელებს პოლიციელს, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს. სტურუას თქმით, პოლიცელი მას სთოვდა მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მარიხუანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი