ახალი ამბები

ენმ-ში საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანებას განიხილავენ [ვიდეო]

2 სექტემბერი, 2016 • 2076
ენმ-ში საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანებას განიხილავენ [ვიდეო]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სკოლის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანება. ამის შესახებ მან პარტიის ლიდერებისა და ახალგაზრდების დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრა.

პარტიის შიგნით სერიოზული დისკუსია გვაქვს და ვიხრებით იქით, რომ საატესტატო და ეროვნული გამოცდები გაერთიანდეს და იყოს საერთო გამოცდების ნაკრები. რა თქმა უნდა, ერთი გამოცდა არ იქნება, მაგრამ ეს გამოცდის შედეგი უნდა იყოს სკოლის გამოსაშვებიც და უნივერსიტეტში მისაღებიც. ეს შეიძლება იყოს სკოლაში იმისთვის, რომ სკოლას ჰქონდეს მეტი დატვირთვა და იქ სწავლას ჰქონდეს მეტი მნიშვნელობა,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნაციონალურ მოძროაბას საარჩევნო პროგრამაში საატესტატო და ეროვნული გამოცდების გაერთიანების საკითხი არ აქვს შეტანილი, თუმცა პარტიაში ამ იდეას სერიოზულად განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ კარგია. ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ ეროვნული და საატესტატო გამოცდები ჩატარდება სამინისტროს მხრიდან ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, რათა დაცული იყო სტანდარტი:

“ისე არ გამოვიდეს, რომ, ერთ სკოლაში ვიღაცამ ადვილად ჩააბარა და მერე წავიდა უნივერსიტეტში, ხოლო მეორე სკოლაში მკაცრად მოსთხოვეს და ის ვერ წავიდა უნივერსიტეტში. ანუ ერთიანი სტანდარტის უზრუნველსაყოფად უნდა მუშაობდეს სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მაგრამ უნდა იყოს სკოლაში, რომ მას ჰქონდეს ფასი და მოსწავლისთვის სკოლაში მიღებულ ნიშანს ჰქონდეს მნიშვნელობა. მან უნდა იცოდეს, რომ სკოლაში მიღებული ნიშნით მიდის პირდაპირ უნივერსიტეტში. ამ იდეაზე ვმუშაობთ და პრინციპში ყველა ვიხრებით იმისკენ, რომ ეს გამოვაცხადოთ და ასე იყოს, თუმცა საბოლოო სახით ჯერ პროგრამაში არ შეგვიტანია, როგორც დაპირება, იმიტომ, რომ ჯერ საბოლოოდ ამაზე შეჯერებულები არ ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ კარგია.”

დღეს მთაწმინდაზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ სწორედ ამ შეხვედრაზე ისაუბრა სკოლების დაფინანსებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდაზეც. როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, დღევანდელი შეხვედრა მათთვისაც კარგი შესაძლებლობაა, რათა ახალგაზრდების აზრიც იცოდნენ ეროვნული და საატესტატო გამოცდების გაერთიანების საკითხზე.

“თუ თქვენც მოგწონთ ასეთი იდეა, მაშინ მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი და ვიტყოდი, რომ იყოს გაერთიანებული გამოცდები – სკოლას დაამთავრებ და ამ ნიშნებით მიდიხარ პირდაპირ უმაღლეს სასწავლებელში ყოველგვარი [სხვა] გამოცდების გარეშე,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

ნაციონალური მოძროაბის საარჩევნო სიის პირველი ნომერი აცხადებს, რომ დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მაინც ტარდება, ხოლო აბიტურიენტი ამ გამოცდების შედეგით მარტო სკოლის ატესტატს მიიღებს თუ უმაღლესშიც ჩააბარებს, მისი აზრით, ეს არაფერს შეცვლის:

“სკოლას რომ ამთავრებ, ატესტატის მისაღებად სკოლაში გამოცდები მაინც უნდა ჩააბარო მოსწავლემ. შენ ამ გამოცდების შედეგით მარტო სკოლის ატესტატს მიიღებ თუ ამასთან ერთად უმაღლესშიც ჩააბარებ, ეს ხომ იდეაში არაფერს ცვლის; შენ თუ არ გინდა უმაღლესში წასვლა, ჩააბარებ გამოცდას, აიღებ ატესტატს და გექნება მხოლოდ სკოლის ატესტატი. სკოლის ატესტატისთვის ხომ დღესაც საჭიროა გამოცდის ჩაბარება? ამიტომ ჩვენ სკოლის მოსწავლეებისთვის არაფერი დამატებითი არ შემოგვაქვს: დღესაც აბარებენ და მომავალშიც ჩააბარებენ ამ გამოცდას, ოღონდ განსხვავება იქნება ის, რომ თუ ვინმეს აღარ უნდა მერე უნივერსიტეტში წასვლა ამ გამოცდის შედეგით, დარჩება მხოლოდ სკოლის ატესტატით და თუ ვინმეს უნდა უმაღლესში წასვლა, ის აღარ ჩააბარებს გამოცდას.”

ეროვნული გამოცდების სისტემა 2005 წელს სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძროაბის მმართველობის პერიოდში დაინერგა. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი