ახალი ამბები

ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასების ზრდას ჰპირდება [ვიდეო]

2 სექტემბერი, 2016 • 2857
ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასების ზრდას ჰპირდება [ვიდეო]

მასწავლებლების გამოცდა არ არის სავალდებულო და სასჯელი, მაგრამ ეს არის მოტივაცია – თუ ჩააბარებ, ხელფასი გაგეზრდება ძალიან მნიშვნელოვნად, მაგალითად, ორჯერ, – ეს განცხადება დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და ახალგაზრდების დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა სასკოლო ვაუჩერების მოცულობის გაზრდას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სკოლების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და მოიმატებს მასწავლებლების ხელფასი.

“სკოლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე ელემენტი, რომლებზეც უკვე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული და არის ელემენტები, რომლებზეც ჯერ კიდევ [პარტიის] შიგნით დისკუსია გრძელდება. მაგალითად, გადაწყვეტის თვალსაზრისით, შემიძლია გითხრათ, სასკოლო ვაუჩერების მოცულობა გაიზრდება, რაც კონკრეტულად მოსწავლისთვის შეიძლება არ ნიშნავდეს არაფერს, მაგრამ ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ სკოლა მიიღებს მეტ თანხას. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს სკოლის უკეთეს ინფრასტრუქტურას და, მეორე მხრივ, იმას, რომ პედაგოგის ხელფასი გაიზრდება და მისი მოტივაცია მეტი იქნება, რომ ბავშვს ასწავლოს,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებთან დაკავშირებით ახლა სრულიად ჩამოუყალიბებელი სისტემაა. მისი თქმით, საგამოცდო სისტემა და ფუნქცია საერთოდ მოიშალა:

“იმ დონემდე მოიშალა, რომ ახლა გამოცდა ჩაატარეს და დაწყებითი კლასების 3 ათასი პედაგოგიდან 30-მა ჩააბარა გამოცდა. წარმოგიდგენიათ, როგორი პროპორციაა, როდესაც 3 ათასიდან 30 აბარებს. ეს იმიტომ, რომ მთლიანად მოირღვა ეს სისტემა ბოლო წლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, რა თქმა უნდა, პროფესიონალური ზრდა უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ გამოცდა არ უნდა იყოს პედაგოგისთვის სასჯელი. ისე კი არა, რომ გამოცდას თუ ვერ ჩააბარებ, გაგაგდებ – არა. [მასწავლებლების] გამოცდა არ არის სავალდებულო, გამოცდა არ არის სასჯელი, მაგრამ გამოცდა არის მოტივაცია – თუ გამოცდას ჩააბარებ, ხელფასი გაგეზრდება ძალიან მნიშვნელოვნად. მაგალითად, ორჯერ გაგეზრდება ხელფასი, თუ შენ ჩაბარებული გაქვს ეს გამოცდა. შენზეა არჩევანი… კი, ბატონო, გვესმის, ვითვალისწინებთ მათ პოზიციას და გამოცდის სირთულეს, არ ვაძალებთ და არ ვამბობთ, რომ გადით, თორემ გაგრიცხავთ. ამას არ ვამბობთ. ეკლესიური ინსტრუმენტი გამოცდა არ არის, მაგრამ ფინანსურ მოტივაციას გავუჩენთ, რომ ვინც გავა გამოცდაზე და ვინც იქნება წარმატებული პედაგოგი, მისი ანაზღაურება გაიზრდება და ეს მოტივაცია ექნება,” – აცხადებს ბაქრაძემ.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე დაწყებითი (I-IV) კლასის 3941 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც გამოცდაზე 3024 გამოცხადდა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 31-მა გადალახა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პრობლემას გამოცდების სისტემაში ხედავს და არა მასწავლებლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი