აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.
“რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.
სომხეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა.
ნეტგაზეთმა კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ქართული მხარე უკვე დაუკავშირდა სომხურ მხარეს და ვითარების გარკვევას ცდილობს.