ახალი ამბები

ბრალდებულის გაქცევის გამო სამინისტრომ ბადრაგის სამი თანამშრომელი დააკავა

1 სექტემბერი, 2016 • 1476
ბრალდებულის გაქცევის გამო სამინისტრომ ბადრაგის სამი თანამშრომელი დააკავა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.

დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 31 აგვისტოს ბრალდებულმა ოთარ ვარამიშვილმა  გაქცევა შემდეგ ვითარებაში მოახერხა:

“ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა,”- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მომხდართან დაკაშირებით გამოძება  სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა, ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია”.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა განცხადება და ოთარ ვარამაშვილის ფოტო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, გაქცეულის ნახვის შემთხვევში დაუკავშირდნენ ნომრებზე: 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

მასალების გადაბეჭდვის წესი