ახალი ამბები

მერაბ ტურავა საკონსტიტუციოში პროცესის ჩაშლაზე: მე იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი

1 სექტემბერი, 2016 • 1989
მერაბ ტურავა საკონსტიტუციოში პროცესის ჩაშლაზე: მე იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი

საკონტიტუციო სასამართლოში დღეს, 1 სექტემბერს, უგულავასა და “კაბელების” საქმეების განხილვა ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას დაუკავშირდა, რომელმაც არ დააზუსტა, გამოცხადდა თუ არა დღეს პროცესზე.

ტურავამ ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესს 5 მოსამართლე არ დაესწრო და დაადასტურა კიდეც, რომ პროცესი მათი გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა. მოსამართლის თქმით, სხდომის ჩაშლას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რაზეც ის ვერ ისაუბრებს.

“პროცესის არჩატარებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები, მაგრამ მე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, არ ვარ უფლებამოსილი, ყველა ინფორმაცია, რაც არის დაკავშირებული კონკრეტული საქმის განხილვა-არგანხილვასთან, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავცე. არის საკითხები, რომელზეც მე მინდა, რომ თავი შევიკავო იმიტომ, რომ არის საკითხები, რომლების ხმამაღა გაჟღერების უფლებამოსილება მე არ მაქვს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლეები, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესზე არ მოვიდნენ და მიზეზი იმისა, რომ სასამართლო სხდომა დღეს არ ჩატარდა, ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. კონკრეტულად, თუ რაში  მდგომარეობს ეს მიზეზები, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ,”- განაცხადა მერაბ ტურავამ.

უფრო კონკრეტულად,  კითხვაზე, იყო თუ არა სხდომაზე თავად ტურავა და თუ არ იყო, რა მიზეზების გამო არ იყო, მერაბ ტურავამ პასუხის გაცემისას დაადასტურა, რომ სხდომა მოსამართლეთა გამოუცხადებლობის გამო არ შედგა და 5 მოსამართლის არდასწრებას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

“მე ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. კონკრეტულად სხდომა დღეს არ ჩატარებულა იმიტომ, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა არ ესწრებოდა, სხდომაში მონაწილეობას არ ღებულობდა და, შესაბამისად,  მე სად ვიყავი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის თქვენთვის, რომ მე პროცესზე არ ვყოფილვარ, და ეს, რა თქმა უნდა, პროცესზე არგამოცხადება და 5 მოსამართლის არდასწრება სასამართლო პროცესზე, ეს არ იყო ვინმეს ახირება. ეს იყო კონკრეტული ობიექტური გარემოებებით განპირობებული, თუ არის საკითხები, რომელზედაც თქვენ მე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. თქვენ იცით, რომ თითოეული ჩვენგანი არის პასუხისმგებელი თითოეულ მის მოქმედებაზე და, შესაბამისად, რადგან სასამართლო პროცესს დღეს 5 მოსამართლე არ ესწრებოდა, ეს არ იყო ვინმეს თვითნებობა, ეს იყო გარკვეული, კონკრეტული ობიექტური გარემოებებით განპირობებული… ის, რომ სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდა, ეს თქვენც იცით, ისედაც ცხადია და მე მხოლოდ იმას გეუბნებით, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები,”- განაცხადა ტურავამ.

მისივე თქმით, მას არ შეუძლია ისაუბროს ამ მიზეზებზე:

“არის საფრთხეები, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ არის ცნობილი ჩვენთვის. მაგრამ, ის რაც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ არ შეგვიძლია გარკვეულ მომენტამდე ხმამარღა ვთქვათ და გავაჟღეროთ. შესაბამისად, მე ვერ მოგახსენებთ კონკრეტულად მიზეზების შესახებ. მიზეზები არსებობს. ეს მიზეზები ზოგი არის საქმის საიდუმლოების ფარგლებში, ზოგი არის სასამართლოს საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, როცა ყველაფრის გამოკვლევა მოხდება და თქმის უფლება მექნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლება კომკრეტულ გარემოებებზე მოგახსენოთ,”- განაცხადა მერაბ ტურავამ.

გიგი უგულავასა და “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 1 სექტემბერს უნდა გაგრძელებულიყო. სხდომა ჩაიშალა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუქვეყნებია განმარტება, თუ რა მიზეზების გამო მოხდა ეს.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ბათუმში სხდომა უნდა გამართულიყო, საკონსტიტუციო სასმართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ოთარ სიჭინავა თბილისში, ეზოში ძაღლებს ასეირნებდა.

 

“მე ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. კონკრეტულად სად ვიყავი, რომელ ოთახში, სასამართლოს ოთახში თუ სასამართლოს შენობის გარეთ, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. “

მასალების გადაბეჭდვის წესი