ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს სამმა წევრმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

1 სექტემბერი, 2016 • 1954
თბილისის საკრებულოს სამმა წევრმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

დღეს, 1 სექტემბერს, ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვეს გენერალურმა მდივანმა ზაზა ვეკუამ, აღმასრულებელმა მდივანმა თამარ ცინცაბაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა ოგბაიძემ. შესაბამისად, თბილისის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიის წევრების ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა. 

თბილისის საკრებულოს წევრების მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ, საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში, საკრებულოს წევრებს ნერვებმა უმტყუნა.

“წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში ასეთი რამ ყველა პარტიაში ხდება. ჩვენი პარტია იყო ერთადერთი გამონაკლისი, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენც შევუერთდით დანარჩენი პარტიების რიგს. ჩვენ ყოფილ თანაპარტიელების წარმატებებს ვუსურვებთ, მათი ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, პარტიას ვერ დააზარალებს. “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” განაგრძობს საკუთარი დღის წესრიგით მუშაობას, იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში და ვაპირებთ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი პროგრამის მთავარი გზავნილები, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას,”- განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა პარტიის ყოფილი წევრების ეს გადაწყვეტილება უბლოკო სტატუსის გამოცხადებასთან კავშირში, ბაკურაძემ განაცხადა, რომ „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულმა მოძრაობამ“ აღნიშნული ინიციატივა ორი თვის წინ გაახმოვანა და ეს ვერ იქნებოდა მიზეზი.

“ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ადვილია გადამოწმება. ასევე ყველამ იცით, რომ უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივა ჩვენს მიერ გაცხადებული იქნა ორი თვის წინ, ასე რომ, ეს თემა არის მოგონილი,” – განაცხადა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით გააგრძელებს მუშაობას ფრაქცია “დემოკრატიული მოძრაობა”, ბაკურაძემ განაცხადა, რომ პარტიას არ გააჩნია არანაირი იურიდიული ბერკეტი. თუმცა, მისი თქმით, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური მორალით, პარტიიდან წასულმა წევრებმა საკრებულო უნდა დატოვონ.

“რაც შეეხება საკრებულოს, სამივე დეპუტატი, რომელიც თბილისის საკრებულოში წარმოადგენს “დემოკრატიულ მოძრაობას”, არის პარტიული სიით გასული, მათ მიიღეს პარტიის ხმები, არც ერთი მათგანი გახლავთ მაჟორიტარი დეპუტატი. ვინაიდან მათ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური მორალი მოითხოვს, რომ მათ დატოვონ საკრებულო,” – ამბობს ბაკურ ბაკურაძე.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თამარ ცინცაბაძე და შალვა ოგბაიძე დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებად რჩებიან და ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავენ. ნეტგაზეთი შალვა ოგბაიძეს დაუკავშირდა. საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზეა და პარტიიდან წამოსვლის მიზეზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი