ახალი ამბები

სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი: მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი

1 სექტემბერი, 2016 • 1934
სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი:  მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 31 აგვისტოს გაქცეული ბრალდებულის, ოთარ ვარამაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ  ბრალდებულის ადგილზე რომ ყოფილიყო, თვითონაც გაიქცეოდა, რადგან პატიმრები და მსჯავრდებულები არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

“ამ დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირია განთავსებული. ყველასგან მესმის, რომ იქ რთული სიტუაციაა, საკნებში მარტო არიან, ასევე სამედიცინო პრობლემებს უჩივიან, უყურადღებობას უჩივიან. მათი უფლებები არასდროს არის გათვალისწინებული, ხშირად ჰიგიენური საშუალებებიც არ აქვთ. ადამიანურად უნდა მოექცნენ იქ მყოფ პირებს. სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება,” – ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, ამ განცხადებას ეთიკური და პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე აკეთებს:

“ჩემი ეთიკიდან და პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე გავაკეთე ეს განცხადება, იქ არის არაადამიანური მოპყრობები. არაერთხელ მიგვიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის და ყურადაც არ უღიათ ჩვენი მოთხოვნები. ეს არის სიმართლე და საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს.”

ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 15 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში ციხეებში არსებულ მდგომარეობის შესახებ. მისი განმარტებით, მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა,  სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში, სადაც გაქცეული მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა, არსებითი პრობლემებია:

“ეს დაწესებულება განეკუთვნება პრობლემურ დაწესებულებათა რიგს, სადაც მთერი რიგი არსებითი პრობლემები და გამოწვევებია. მონიტორინგის ჯგუფს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პატიმრებსა და დაწესებულების პერსონალს შორის საკმაოდ კონფლიქტური ურთიერთობაა. რიგ შემთხვევებში მივიღეთ ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 23 საათის განმავლობაში პატიმრები საკანში იმყოფებიან, დღის განმავლობაში რაიმე საინტერესოს გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ოთხ კედელში არიან ჩაკეტილი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე. არ არის სარებილიტაციო აქტივობები. ასევე პრობლემებია სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება პატიმრის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე,” – ამბობს კვარახელია.

კვარაცხელიას ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს:

“იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობს შესაბამისი მეთოგოლოგია, ტექნიკა და განსწავლული პერსონალი არ არსებობს, ხშირად უწევთ ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიც არის პატიმრის ხანგრძლივი ვადით საკანში მარტო მოთავსება, ელექტრონული მეთვალყურეობა და სხვა. რეჟიმი არის საკმაოდ მკაცრი, მთელი რიგი მიმართულებებით არაერთი დარღვევა იქნა აღმოჩენილი. გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენება, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულებაში ამ კუთხით, ჯანსაღი გარემო არ არის,”- ამბობს კვარაცხელია და აღნიშნავს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მონიტორინგის შემდეგ ციხეში არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.

მომხდართან დაკაშირებით გამოძება  სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა, ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია”.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა გაქცევა შემდეგ ვითარებაში მოახერხა:

“ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა,”- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა განცხადება და ოთარ ვარამაშვილის ფოტო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, გაქცეულის ნახვის შემთხვევში დაუკავშირდნენ ნომრებზე: 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

მასალების გადაბეჭდვის წესი