ახალი ამბები

თურქეთის ელჩი: აჭარა საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება

1 სექტემბერი, 2016 • 2850
თურქეთის ელჩი: აჭარა საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ცნობს. ელჩის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ თურქეთი ისეთივე ოკუპანტია, როგორიც რუსეთი. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია:

“ასეთი სახის განცხადებები, რომ თურქეთს აქვს პრეტენზია აჭარასა და ბათუმზე, შარშან დეკემბერში მოვისმინე, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ამ საკითხზე ერთგვარი პროპაგანდა მიდიოდა. მახსოვს, მაშინაც ვპასუხობდი ამ ბრალდებებს, რადგან ფეისბუქში ხშირად დებდნენ პოსტებს, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ოკუპანტი ქვეყანაა. შემდეგ ეს თემა მინელდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ჩანს, ასეთი საკითხები კვლავ თავს იჩენს ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.”

ელჩის მოსაზრებით, საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე:

” ვინაიდან ეს თემა კვლავ წამოიჭრა პატივსაცემი ტელევიზიის ეთერში და თანაც პატივსაცემ გადაცემაში, მინდა ღიად განვაცხადო. საქართველო და თურქეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე. სანტიმეტრებშია დემარკაცია გაკეთებული. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება.  სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს,” – განაცხადა ზექი ლევენთგუმრუქჩუმ.

30 აგვისტოს გადაცემა “არჩევანში” დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს მტერია:

“რუსეთს საქართველოს ტერიტორიის  22% აქვს ოკუპირებული. 98 წლის წინ თურქეთმა ჩვენი ტერიტორიის 33%-ის ოკუპაცია მოახდინა. თურქეთი დღესაც უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის. “

მასალების გადაბეჭდვის წესი