ახალი ამბები

TI: ქორწინების თანასწორობაზე დასმულ კითხვაზე პასუხი “რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა მოგვაწოდა

1 სექტემბერი, 2016 • 1445
TI: ქორწინების თანასწორობაზე დასმულ კითხვაზე პასუხი “რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა მოგვაწოდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ ახალ ვებგვერდზე (http://www.chemikhma.ge/) მოცემულ ყველა კითხვაზე პასუხი “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ მიაწოდა, რომელსაც, TI-ის შეფასებით, არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ მას პარტიის ოფიციალურ პოზიციას ეკითხებოდნენ.

“როგორც ჩანს, „რესპუბლიკურ პარტიაში“ კითხვართან დაკავშირებით შიდა კომუნიკაციის დროს გარკვეული გაუგებრობა მოხდა, რის გამოც ჩვენზე პასუხისმგებლობის გადმოტანა არასწორია”, – აცხადებენ TI-ში.

31 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალი ვებგვერდი http://www.chemikhma.ge/ აამოქმედა, სადაც განთავსებულია საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 კითხვა, რომლებზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელი გაიგებს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენპროცენტიანი თანხვედრა აქვს. TI-ის ცნობით, ვებგვერდის მომზადების პერიოდში აღნიშნული კითხვები ოფიციალურად გაეგზავნათ პოლიტიკურ პარტიებს/მათ ხელმძღვანელ პირებს, სადაც მათ სთხოვდნენ, ამ 36 კითხვაზე პარტიის ოფიციალური პოზიცია დაეფიქსირებინათ.

გუშინ ვებ-გვერდზე ეწერა, რომ “რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერდა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლებას, თუმცა მიაჩნდა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. დღის ბოლოს “რესპუბლიკური პარტიის” ფეისბუქგვერდმა, პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ კითხვარში პარტიის პოზიცია არასწორადაა მოწოდებული და არ შეესაბამება პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.

TI „რესპუბლიკურ პარტიას“ მიმართავს, ზუსტად მიაწოდონ შეცვლილი პასუხის ვარიანტი:

“საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ ცვლილება შევიტანოთ ვებგვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კითხვარი უკვე დაახლოებით 10 000- მა მოქალაქემ შეავსო”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭივრვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი