ახალი ამბები

“რესპუბლიკური პარტია” ქორწინების თანასწორობას მხარს არ უჭერს

31 აგვისტო, 2016 • 1767
“რესპუბლიკური პარტია” ქორწინების თანასწორობას მხარს არ უჭერს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე, Chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებულ პარტიის პოზიციას ეხმაურება ქორწინების თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით.  კითხვარში მითითებულია, რომ “რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერს ქორწინების თანასწორობას, თუმცა მიაჩნია, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

“აღნიშნულ კითხვარში პარტიის პოზიცია, სამწუხაროდ, არასწორადაა მოწოდებული და არ შეესაბამება პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ადრეც აღგვინიშნავს, რესპუბლიკური პარტია ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში არსებულ ჩანაწერს ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით, არ დაეთანხმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას და, შესაბამისად, მოიწონა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ დაენიშნა რეფერენდუმი”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები.

ამომრჩეველს ასევე საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენპროცენტიანი თანხვედრა აქვს.

Chemikhma.geს მიხედვით, კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას და ორ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას – „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და „სახელმწიფო ხალხისთვის”, თუმცა კითხვარის შევსებაზე უარი გვითხრეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: „საქართველოს ლეობორისტული პარტია”, „პატრიოტთა ალიანსი”, „სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია”, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი