ახალი ამბები

“პარტიზანი მებაღეები” მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე არ შევიდნენ

31 აგვისტო, 2016 • 1938
“პარტიზანი მებაღეები” მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე არ შევიდნენ

“პარტიზანი მებაღეები” მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 31 აგვისტოს უნდა გამართულიყო, არ შევიდნენ. შეხვედრაზე არ შესულა არც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს” წარმომადგენელი ერეკლ ურუშაძე.

მერიაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გუშინ “პარტიზანი მებაღეების” წევრმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი უნდა განხილულიყო. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიერ შემუშავებული დასკვნები და წინადადებები წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს.

“პარტიზანი მებაღეები” აცხადებენ, რომ მერიას შეხვედრაზე 5 სხვადასხვა პროფესიის ადამიანის დაშვება მოსთხოვეს, მერიამ კი “პარტიზანი მებაღეებიდან” მხოლოდ ერთი პირის დაშვების შესახებ წამოაყენა პირობა. სწორედ ამიტომ, მოძრაობამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მათივე ინფორმაციით, მერიას “პარტიზანი მებააღეების” არც ერთ წევრზე არ ჰქონია საშვი დაშვებული.

14211971_1199858583368986_8068456095827612346_n

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო და მერიის პრესსამსახურის ცნობით, მას  საკრებულოს წევრები და მეცნიერები ესწრებიან. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს” წარმომადგენელიც, თუმცა მას შემდეგ, რაც “პარტიზანმა მებაღეებმა”  დასწრებაზე უარი განაცხადეს, შეხვედრაზე არც ორგანიზაციის წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძეც არ შევიდა. მერიაში გამართულ შეკრებას ასევე არ ესწრებიან ორგანიზაციები, “მწვანე ალტერნატივა” და “მწვანე მუშტი”.

პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავდნენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

25 აგვისტოს მერიასთან მათ კარვის დადგმა და პროტესტის ამ სახით გაგრძელება სურდათ, რისი საშუალებაც მერიამ არ მისცა იმ მოტივით, რომ ეს გამოიწვევდა შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებდა. მერიამ პარტიზანებს მოუწოდა, კარავი მოშორებით გაეშალათ. დღეს, 31 აგვისტოს პარტიზანი მებაღეებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი თბილისის მერიასთან კარვის დადგმასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და “პარტიზანმა მებაღეებმა” კარავი უკვე გაშალეს.

“ჩვენ მეორე კარავიც გვაქვს, იმასაც გავშლით, უამრავი მსურველია უკვე ღამის მორიგეობების. ეს გადაიზრდება პერმანენტულ, ძალიან ხანგრძლივ და მერიისთვის ძალიან მძიმე პროტესტში”,- ამბობს ნატა ფერაძე.

“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომას და ამ სამსახურის რეორგანიზაციაზე მუშაობას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი