ახალი ამბები

ფედერაცია: ტანსაცმელი “სამოსელი პირველში” მოჭადრაკეების ინიციატივით შევკერეთ

31 აგვისტო, 2016 • 2541
ფედერაცია: ტანსაცმელი “სამოსელი პირველში” მოჭადრაკეების ინიციატივით შევკერეთ

საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები 1-14 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებს. გამგზავრებამდე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისინი ახალი ტანსაცმლით წარდგნენ, რომლითაც ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე გამოვლენ.

ქალთა და ვაჟთა ნაკრებებისათვის ეს სამოსი ლევან ვასაძის კუთვნილმა ეროვნული ტანსაცმლის მაღაზიამ “სამოსელი პირველი” შეკერა.

როგორც მაღაზიაში აცხადებენ, ტანსაცმელი მათი პოპულაური მოდელებიდან ერთ-ერთია და თავად ჭადრაკის ფედერაციამ შეარჩია.

“ფედერაციამ თავად მოგვმართა შეკვეთით. ჩვენ ეს საგული-ახალუხი სხვადასხვა ვარიაციებით დიდი ხანია შექმნილი გვაქვს და ძალიან პოპულარულია. ასე რომ, სპეციალურად მოჭადრაკეებისათვის არ შეგვიქმნია,” – უთხრეს ნეტგაზეთს “სამოსელი პირველში”.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ფედერაციამ “სამოსელი პირველისათვის” მიემართა, ჭადრაკის ფედერაციაში გვპასუხობენ, რომ სამოსის შეკერვა “სამოსელი პირველში” თავად სპორტსმენების ინიციატივით გადაწყდა.

“არ ვიცი ზუსტად, სიმართლე რომ გითხრა. თავად სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, რომ “სამოსელი პირველში” შეეკერათ ტანსაცმელი.”

ჭადრაკის ფედერაციაში ვერ დაგვისახელეს, ზუსტად რამდენი გადაუხადა ფედერაციამ მაღაზიას ტანსაცმლის შეკერვისათვის.

“სამოსელი პირველი” წორედ ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაკრების წევრი სპორტსმენებისათვის ის ფორმა შეკერა, რომლითაც ისინი რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე წარდგნენ. სამოსს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

“ჩვენ ტანსაცმელი რიოს ოლიმპიადამდე გაცილებით ადრე დავუკვეთეთ და უკვე შეკერილი იყო მაშინ, როდესაც ოლიმპიადას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა,” – აცხადებს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სოფო ჩაკვეტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი