ახალი ამბები

მარგველაშვილი: თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს სავსე იქნება, დაპირისპირებები არ განმეორდება

31 აგვისტო, 2016 • 1296
მარგველაშვილი: თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს სავსე იქნება, დაპირისპირებები არ განმეორდება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს სავსე იქნება, დაპირისპირებები არ განმეორდება. ამის შესახებ მან დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  საქართველოს ევროპულ არჩევანზე, არჩევანის თავისუფლებაზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საჯარო ლექციის გამართვისას ისაუბრა.

პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა, კორცხელის ინციდენტს  სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს თავად საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება.

„ამომრჩევლის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და აგრესიაზე. გარანტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარებისა და სტაბილურობისა გადის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ თითოეულ ამომრჩეველზე. მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ  თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, იქნება რიგები, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი პიროვნული ვალი განვახორციელოთ, არასდროს არ განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ, ჩვენს წარსულში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის და ამომრჩევლებისთვის მიუღებელია  მუშტი-კრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად:

“ჩვენ ამას არც არასდროს მივიღებდით და არც მომავალში არ მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ადეკვატური და სწრაფი რეაგირება ამ სამარცხვინო ფაქტზე უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან. მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე, არამედ თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება და, დამიჯერეთ, შეფასება უნდა ადეკვატურად გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტიურობით საარჩევნო უბნებთან”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის.

უნივერსიტეტში პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ უმასპინძლეს, რომლებმაც სტუმრებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი