ახალი ამბები

პარტიების პოზიციები ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე – chemikhma.ge

31 აგვისტო, 2016 • 1645
პარტიების პოზიციები ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე – chemikhma.ge

chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობას 7-დან 5 პარტია ემხრობა, 1 ეწინააღმდეგება, ერთი კი მიიჩნევს, რომ ტექნიკური დათვალიერება  მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მძიმე ან სახიფათო ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისთვისაა დასაშვები.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება, შემდეგი ხუთი პარტია პასუხობს დადებითად:

  • “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”
  • “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
  • “ეროვნული ფორუმი”
  • “თავისუფალი დემოკრატები”
  • “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მძიმე ან სახიფათო ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისთვისაა აუცილებელი. “გირჩი” კი ტექდათვალიერებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გზისთვის ვარგისიანობის ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო არ არის. ამჟამად აღნიშნული ტესტირება სავალდებულოა მხოლოდ რვა მგზავრზე მეტის გადასაყვანად განკუთვნილი  სატრანსპორტო საშუალებისთვის, ასევე, მძიმე ან სახიფათო ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამომრჩეველს ახალ ვებ-გვერდს Chemikhma.ge-ს სთავაზობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საიტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.

ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები. ესენია:

  1. დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  3. ეროვნული ფორუმი
  4. თავისუფალი დემოკრატები
  5. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
  6. პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – გირჩი
  7. საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენპროცენტიანი თანხვედრა აქვს,

პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებელისა და პოლიტიკური პარტიის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში პარტიას მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, პარტიას მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, პარტიას ენიჭება 0%.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საიტზე განთავსებული კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას და ორ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას – „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და „სახელმწიფო ხალხისთვის”.

კითხვარის შევსებაზე უარი თქვეს „საქართველოს ლეობორისტულმა პარტიამ”, „პატრიოტთა ალიანსმა”, პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ” და ასევე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი