ახალი ამბები

საქართველომ სტრასბურგში გაგზავნა ინფორმაცია რუსეთიდან 1775 დეპორტირებულის შესახებ

31 აგვისტო, 2016 • 2201
საქართველომ სტრასბურგში გაგზავნა ინფორმაცია რუსეთიდან 1775 დეპორტირებულის შესახებ

რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულების საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა ინფორმაცია 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ. მონაცემების გაგზავნა ამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთისგან კომპენსაციის მიღების პროცედურას უკავშირდება.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსგან სტრასბურგის სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ და გაგზავნილია 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

სტრასბურგში ეს დავა 2014 წლის 3 ივლისს არსებითად მოგებით დასრულდა ყველა − 4600-ზე მეტი დაზარალებულის ნაწილში.  საქართველო კომპანსაციის სახით რუსეთიდან 70 მილიონ ევროს ითხოვს.  როგორც დღეს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, კვლავ არ არის ცნობილი, თუ რა რაოდენობით კომპენსაციას დააკისრებს სასამართლო რუსეთს.

ბექა ძამაშვილის თქმით, კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა დღესაც მიმდინარეობს, ამ პროცედურის ფარგლებში კი თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც წინა პერიოდში ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 26 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობა რუსეთიდან გამოძევებული 4,634 ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დავობდა, მთავრობის მიერ 2008 წელს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია იქნა წარდგენილი; თუ რატომ − ამაზე ჩვენ ახსნა არ გვაქვს“, − განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ძამაშვილის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა და სხვ.). 2016 წლის 1 აპრილს ეს შედეგები და სახელობითი სიები მიწოდებულ იქნა ევროპული სასამართლოსთვის, რომელსაც ეცნობა, რომ დაზარალებულებთან მუშაობა კვლავ მიმდინარეობდა.

„ეს ყველაფერი ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ,  გვიწევდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას საქართველოში და ასევე მის საზღვრებს გარეთ- სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა და, როგორც აღინიშნა, მაშინ მხოლოდ 118 დაზარალებულის შესახებ მონაცემი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში“, − განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე განცხადებით, იუსტიციის სამინისტროდან გაგზავნილი სია არის საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებს, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება. ამიტომ, მისივე განცხადებით, ქართული მხარე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის და გამოძევებული ქართველების შესახებ მონაცემთა ბაზებში დაცული სრული ინფორმაციის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდების აუცილებლობას.

ძამაშვილის თქმით, რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, მხარეების მიერ დღემდე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლო თავად გადაწყვეტს, აქვს თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.

„ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლოსთან აქტიურ კომუნიკაციას და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ მივაწოდოთ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია. შესაბამისად, საქმე ეხება ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ  სახელმწიფო და დეპორტაციის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და თავი შევიკავოთ მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან. იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას“, − დასძინა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი