ახალი ამბებისაზოგადოება

შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – მოხალისე მოლაშქრეებს ტრანსკავკასიური ბილიკის შექმნა სურთ

31 აგვისტო, 2016 • 3540
შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – მოხალისე მოლაშქრეებს ტრანსკავკასიური ბილიკის შექმნა სურთ

ტრანსკავკასიური ბილიკი” (TCT), პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა, 3 ქვეყნის დაკავშირებას ისახავს მიზნად. TCT-ის ჯგუფი გეგმავს 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი მოიცვას და ლაშქრობის მოყვარულებს კავკასიის მთებში მოგზაურობის საშუალებას მისცეს. პირველადი გეგმის მიხედვით, ბილიკი შავი ზღვიდან აიღებს სათავეს და საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვასთან დასრულდება. მეორე ბილიკი კი საქართველოს გავლით სომხეთში ლაშქრობის დაგეგმვის საშუალებას იძლევა. პროექტის ავტორებს მარშრუტში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შეტანა სურთ, თუმცა, როგორც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, სოფო ბაგაური ამბობს, კონფლიქტური რეგიონების მარშრუტში დამატება ჯერჯერობით იდეის დონეზეა.

"ტრანსკავკასიური ბილიკი" 31.08.2016 ფოტო: სოფო ბაღაური

“ტრანსკავკასიური ბილიკი” 31.08.2016 ფოტო: სოფო ბაგაური

“გეგმა ძალიან დიდია”  – ამბობს სოფო “ნეტგაზეთთან” საუბრისას. მისი თქმით, მარშრუტის შედგენისას კონტაქტებს ადგილზე, რეგიონში იძიებენ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კი ასეთი კონტაქტები ჯერჯერობით არ აქვთ:

“ჯერჯერობით კონტაქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ გვყავს, მაგრამ სურვილი გვაქვს და ჩემი ამერიკელი კოლეგები, ვინც არიან ამ ორგანიზაციის წევრები, კონტაქტებს ვეძებთ, იქ ვინ შეიძლება იყოს ტურიზმით დაკავებული და ვის შეუძლია გადაადგილება. ჯერჯერობით დეტალები არ ვიცი, მაგრამ დანარჩენ რეგიონებში იმდენი სამუშაოებია ჩასატარებელი, ეს ძალიან სამომავლო გეგმაა” – ამბობს ბაგაური.

"ტრანსკავკასიური ბილიკი" 31.08.2016 ფოტო: სოფო ბაღაური

“ტრანსკავკასიური ბილიკი” 31.08.2016 ფოტო: სოფო ბაგაური

იმ შემთხვევაში, თუ ბილიკის გაყვანა კონფლიქტურ რეგიონებში ვერ მოხერხდება, ჯგუფი ალტერნატიული მარშრუტის შექმნაზე იმუშავებს.

ტრანსკავკასიური ბილიკის” შექმნის იდეა პოლ სტივენსს და ჯეფ ჰააკი წლების წინ გაუჩნდათ, როდესაც ისინი საქართველოში აშშ-ის “მშვიდობის კორპუსის” მისიის ფარგლებში იმყოფებოდნენ:

“სამი წლის წინ დაიწყეს ამ ბილიკების მოვლა. მოიარეს მთებში ეს ბილიკები, შეამოწმეს მდგომარეობა და მე დამიკავშირდნენ. ჩემი დახმარებით ადგილობრივებს დავუკავშირდით. ფაქტობრივად, ჯერჯერობით მეგობრები ვართ  ჩართულნი” – იხსენებს ბაგაური.

TCT-ზე მომუშავე ჯგუფმა ზაფხულში სვანეთში სალაშქრო ბილიკები მოაწყო, რომლითაც სოფელი ნაკრა- შვიდი სოფლის გავლით – ეცერს დაუკავშირეს. მარშრუტი დაახლოებით 75 კილომეტს მოიცავს და ჯგუფის მიზანი ტურიზმის ისეთ სოფლებში წახალისებაა, რომლებსაც ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ. მეორე ჯგუფმა მუშაობა დაიწყო სომხეთში, თუმცა, სომხური მხარისგან განსხვავებით, საქართველოში მომუშავე ჯგუფს დაფინანსება არ გააჩნია და მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე ახორციელებს სამუშაოებს, რაც პროცესს დროში საგრძნობლად აჭიანურებს:

“დაფინანსება არ გვაქვს, შემოწირულობებზეა დამოკიდებული. ასე რომ, ძალიან რთულია რაღაცები კონკრეტულად გვქონდეს დაგეგმილი იმიტომ, რომ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული ამ ბილიკის გაყვანა. რამდენიც მოვიდა თანხა, იმით ამერიკიდან დავიქირავეთ ექსპერტები, რომლებიც გრანდ კანიონზე და ზაიონის პარკში და ასეთ ადგილებში მუშობენ, პროფესიულ ბილიკებს ვინც აკეთებს, და მათი დახმარებით წელს ბევრი რამე ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა გავიყვანოთ ბილიკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება და მეწყერი ვერაფერს უზამს, და სანიაღვრე არხები და ა.შ” – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

"ტრანსკავკასიური ბილიკი" 31.08.2016 ფოტო: სოფო ბაღაური

“ტრანსკავკასიური ბილიკი” 31.08.2016 ფოტო: სოფო ბაგაური

ჯგუფი მოხალისეებისგანაც იღებს დახმარებას, თუმცა, როგორც TCT-ის წევრი, სოფო ბაგაური ამბობს, მოხალისეების უმეტესობა უცხო ქვეყნებიდან, მეტწილად აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ჩამოდიან.

ამ დროისთვის შექმნილი მარშრუტი საშუალო სირთულისაა. მომავალ წელს ჯგუფი სვანეთის რაჭასთან შეერთებას გეგმავს. გზა მყინვარზე გაივლის, რაც მონაკვეთის დალაშქვრის სირთულეს გაზრდის. მარშრუტზე მონაკვეთები სირთულეების მიხედვით დაიყოფა და ყველა ინფორმაცია, როგორც გზაზე, ასევე რუკაზე განთავსდება, რომელსაც ჯგუფი დაახლოებით ერთ თვეში მოამზადებს. რუკაზე დატანილი იქნება ინფორმაცია იმ ადგილების შესახებაც, სადაც ტურისტებს ბანაკის გაშლა, სასმელი წყლისა და საკვების მომარაგება შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი