ახალი ამბები

სანიკიძე ჯანელიძეს ურჩევს, განცხადების გაკეთებამდე მასთან კონსულტაცია გაევლო

31 აგვისტო, 2016 • 1481
სანიკიძე ჯანელიძეს ურჩევს, განცხადების გაკეთებამდე მასთან კონსულტაცია გაევლო

პარტია “ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს და გადაცემაში “არჩევანი” თავის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. სანიკიძე მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდეს, მივიდეს პარლამენტში, სადაც საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

“ჯანელიძეს განცხადების გაკეთებამდე ყველაფერი ჩემთან უნდა დაეზუსტებინა. მობრძანდეს პარლამენტში და ჩავაყენებ საქმის კურსში,”- აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

სანიკიძის თქმით, განცხადებას არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. საქმე ეხებოდა არა არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებას, არამედ ერთ-ერთი ქვეყნის მცდელობას, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინა ამ ქვეყნებში პროცესების დაწყებასთან დაკავშირებით.

“ჯანელიძის განცხადებაში უზუსტობები იყო. მე ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იყო მიღებული არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. მან გაიგო უკუღმა. არაბული ქვეყნები კი არ აპირებდნენ აღიარებას, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლები აპირებდნენ მხარდაჭერის მოპოვებას, რომ არაბულ ქვეყნებში დაეწყოთ პროცესი იმისათვის, რომ არაბულ ქვეყნებში განხილულიყო აფხაზეთის აღიარების საკითხი,” – ამბობს სანიკიძე.

სანიკიძე ასევე მიხეილ ჯანელიძის გამოუცდელობაზე საუბრობს და მას “შინაურ მინისტრს” და “ჩუსტებიან მინისტრს” უწოდებს.

“გამოცდილი დიპლომატი მის ადგილზე მოიქცეოდა ასე: ჯერ შემხვდებოდა მე, ვისაუბრებდით, იქნებ ვეუბნებოდი ყველაფერს და შემდეგ გააკეთებდა ასეთ განცხადებას. მაგრამ ის არის გამოუცდელი და მორცხვი მინისტრი.”

სანიკიძის განცხადებით, დღეს საქართველო არ აწარმოებს სამეზობლო პოლიტიკას და სწორად ვერ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს.

გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობები ჩაშალა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განცხადებას წინასაარჩევნო სპეკულაცია უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი