ახალი ამბები

„კვარაცხელია – სოციალისტები“ ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა

31 აგვისტო, 2016 • 1815
„კვარაცხელია – სოციალისტები“ ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა

ცესკომ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამის განკარგულებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს სათანადო განცხადებით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი.

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

გამომდინარე ამ ახლად აღმოჩენილი გარემოებიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. “საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია – სოციალისტები“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 17 ივლისის №44/2016 განკარგულება ბათილად იქნას ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე”, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განკარგულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი