ახალი ამბები

დაკარგული სამხედროს დედა სამძებრო სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

31 აგვისტო, 2016 • 1343
დაკარგული სამხედროს დედა სამძებრო სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

გონიოში გეგმური სამხედრო წვრთნის დროს ზღვაში დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის, იაგო შარაძის დედა სამძებრო სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებს.

“მე დღეიდან, როგორც იაგო შარაძის დედა, არც დღისით, არც ღამით არ გავდივარ და უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო” – უთხრა დაკარგულის დედამ “რუსთავი 2”-ს.

სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს იაგო შარაძის მამაც:

“მოვიდეს ის ინსტრუქტორი, თავისი ქვედანაყოფის უფროსი და ჩავიდეს იმ ადგილზე, სადაც დაახრჩო ჩემი შვილი და გემს მისცეს ის კვალი, რომ ინახოს ჩვენი შვილების მსხვერპლი. მე უკვე ეჭვი მაქვს, რომ თავისი მდგომარეობა რომ არ მისულიყო დანაშაულამდე, ჩემი შვილი დაკარგეს, კვალიც გააქრეს” – ამბობს იაგო შარაძის მამა.

თავდაცვის სამინისტრსოს ცნობით, 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თავდცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთლიანად შეწყდა.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საზოგადოება მალე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია. თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი