ახალი ამბები

პრემიერი: საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა მცხეთა-ლარსის გზა ვლადიკავკაზამდე მივიდეს

30 აგვისტო, 2016 • 1127
პრემიერი: საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა მცხეთა-ლარსის გზა ვლადიკავკაზამდე მივიდეს

დღეს, 30 აგვისტოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე   გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას, მისი თქმით,ხელისულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

“ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ “საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზის მშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.

„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, რომელიც ავსტრიულ სასაწყობე მეურნეობაში – “გებრიუდერ ვაისი” გაიმართა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი