ახალი ამბებისამართალი

დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

29 აგვისტო, 2016 • 6315
დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 22 წლის დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენეს.

თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას. რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.

პროკურატურის განცხადებითვე, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას და ამიტომ მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

პროკურატურის ვერსია თანხვედრაშია დემურ სტურუას წერილში ნახსენებ გარემოებებთან, თუმცა პროკურატურა განცხადებაში არ საუბრობს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით სთხოვდა მას პოლიციელი ინფორმაციის მიწოდებას. წერილის თანახმად, სტურუას პოლიციელისთვის უნდა ეთქვა, თუ ვის ჰქონდა მარიხუანა დათესული სამ სხვადასხვა სოფელში.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას.

გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

ვინაიდან გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,”- აცხადებს მთავარი პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი