ახალი ამბებისამართალი

პაპუაშვილი: პოლიტიკოსები საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეშად ერევიან

27 აგვისტო, 2016 • 1758
პაპუაშვილი: პოლიტიკოსები საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეშად ერევიან

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებს პასუხობს. პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ და აშინებენ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს:

“ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს 20-წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირება, მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე.”

პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ 23 აგვისტოს დანიშნულ პლენუმის საორგანიზაციო სხდომაზე, მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა.

“გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირადად წერილობით აცნობა პლენუმის ყველა წევრს. გარდა ამისა, მოსამართლეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან,” – აცხადებს პაპუაშვილი.

დღეს, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვის გადადება პაპუაშვილის პირად ინტერესებს უკავშირდება:

“პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, მისთვის სასურველი დასკვნა დაფიქსირებულიყო საბოლოო ჯამში პლენიმის მიერ და სწორედ ამიტომ გადაიდო სხდომა.

ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს.  მისი განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

“ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების იმ ნაწილზე, რომლებიც არ ეთანხმებიან პაპუაშვილის პოლიტიკურ ნებას, იქნება თავდასხმები. მათ შორის მათი პიროვნული დისკრედიტაციისა და მათ მიმართ შავი პიარის აგორების მიზნით. და ამ თავდასხმების მონაწილე იქნება, ჩვენი ინფორმაციით, ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომლებიც ენმ-ის პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს,” – აცხადებს ფოფხაძე.

1 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და გიგი იგულავას საქმეზე სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი