ახალი ამბები

სასამართლომ საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ბურკინიზე აკრძალვა გააუქმა

26 აგვისტო, 2016 • 1807
სასამართლომ საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ბურკინიზე აკრძალვა გააუქმა

საფრანგეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბურკინის (ისეთი საცურაო კოსტუმი, რომელიც სხეულს სრულად ფარავს) აკრძალვა ფრანგულ კურორტებზე არალეგალურია. 26 აგვისტოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ნიცასთან ახლომდებარე საკურორტო ქალაქ ვილნუვ-ლუბეზე ვრცელდება, თუმცა, “გარდიანის” ცნობით, სავარაუდოა, რომ ეს პრეცედენტი სხვა ქალაქებზეც გავრცელდეს.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა (“ადამიანის უფლებათა ლიგამ” და სხვებმა) ბურკინის აკრძალვა გააპროტესტეს. ისინი დავობდნენ, რომ აღნიშნული აკრძალვა საკურორტო ქალაქ ვილნუვ-ლუბეში ადამიანის პიროვნულ თავისუფლებებს არღვევდა.

ბურკინზე აკრძალვა, BBC-ის ცნობით, საფრანგეთის 30 ქალაქში ამოქმედდა იმ არგუმენტით, რომ ბურკინის ტარება სეკულარიზმის კანონს არღვევს, თუმცა ეს აკრძალვა მთელ ქვეყანაში არ ვრცელდება. ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ბურკინს მთელ ქვეყანაში აკრძალავს, თუკი 2017 წელს ხელახლა აირჩევენ პრეზიდენტად. სამოქალაქო ჯგუფები და უფლებადამცველები კი ამ აკრძალვას უპირისპირდებიან. 

“გარდიანის” ცნობით, აკრძალვაში სიტყვა “ბურკინი” ნახსენები არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ აკრძალულია “პლაჟზე ისეთი ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც ხაზს უსვამს რელიგიურ მიკუთვნებულობას”, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო წესრიგის, სეკულარიზმის პრინციპებისა და ჰიგიენის დაცვით ამართლებს. თუმცა საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანის მერის 12 აგვისტოს განცხადებით, სხვა რელიგიური სიმბოლოების, მაგალითად, ჯვრის ან ებრაული ქუდის ტარება კვლავ ნებადართულია. ასევე, ქალაქ კანში აკრძალვა არ ეხება იმ ტიპის ვუალს, რომელსაც ზოგიერთი მუსლიმი ქალი თმის დასაფარად ატარებს.

“ვკრძალავ ისეთი ფორმის ტარებას, რომელიც ისლამური ექსტრემიზმის სიმბოლოა. ჩვენ საერთო საჯარო სივრცეში ვცხოვრობთ და აქ არის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ბურკინის აკრძალვისას კანის მერმა. მისი თქმით, “ნებისმიერი ადამიანისთვის აკრძალულია პლაჟზე გამოსვლა იმგვარი სამოსით, რაც შეუსაბამოა და უპატივცემულობას ავლენს მორალისა და სეკულარიზმის მიმართ. საცურაო კოსტუმი, რომელიც დემონსტრაციულად აჩვენებს რელიგიურ აფილაციას, მაშინ, როდესაც საფრანგეთი ამჟამად ტერორისტული თავდასხმების სამიზნე ობიექტია, ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკებს”,- წერია აკრძალვასში.

სასამართლო საბოლოო განაჩენს აკრძალვის ლეგალურობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოიტანს. BBC-ის ცნობით, რეპორტიორები საფრანგეთიდან იუწყებიან, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბურკინზე აკრძალვა ყველგან გაუქმდება, თუმცა კორსიკის მერმა განაცხადა, რომ თავისი ქალაქის პლაჟზე ამ აკრძალვას დაიცავს.

ბურკინის აკრძალვა გასულ კვირას ძალაში დატოვა ნიცის სასამართლომ. იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნულ წესს დაარღვევს, ჯარიმის სახით 38 ევროს გადახდა უწევთ. პირველ შემთხვევაზე კი მათ საცურაო კოსტუმის გამოცვლას ან პლაჟის დატოვებას სთხოვენ. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ აიძულა ქალაქ ნიცაში პოლიციამ ერთ ქალს ბურკინის გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი