ახალი ამბები

საკრებულოსთან თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დასრულდა

26 აგვისტო, 2016 • 1413
საკრებულოსთან თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეკრებილმა ათეულობით ადამიანმა თბილისის მერს, დავით ნარმანიას მოუწოდა, საკუთარი ნებით დატოვოს თანამდებობა. აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დავით ნარმანიას “საჩუქარი” დაუტოვეს: სათამაშო ცული, რომელიც, მათი თქმით, ნარმანიას მიერ ხეების ჭრის სიმბოლოა. 

დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოში დღეს, 16:00 საათზე, ელოდებიან საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მერი მოხსენებით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ნარმანია საკრებულოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, პარტიზანმა მებაღეებმა, ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრა გააპროტესტეს.

აქციის მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეებთან მივიდა 2 პირი, რომლებიც ამბობდნენ, რომ აქციას პოლიტიკურად მოტივირებული პირები მართავდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ პოლიციის ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “პატრიოტთა ლეგიონის” წარმომადგენელი ბესო გაზდელიანი ამბობს, ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არიან: “ჩვენ პოლიტიკურად არ ვართ მისი [ნარმანიას] ოპონენტები, ჩვენ ვართ უბრალოდ თბილისის მაცხოვრებლები. დღევანდელი ჩვენი აქცია უკავშირდება სწორედ იმას, რომ ნარმანია ყველაზე უნიათო და უსუსური მერი გამოდგა. მისი მთავარი დაპირება და სავიზიტო ბარათი იყო მილიონი დარგული ხე, თუმცა მივიღეთ ასიათასობით გამხმარი ჯოხი”, – ამბობს ბესო ბაზდელიანი.

აქციაზე არ იმყოფებიან “პარტიზანი მებაღეები”, რომლებიც ამჟამად თბილისის მერიასთან აგრძელებენ პროტესტს, თუმცა ისინი დავით ნარმანიას გადადგომას არ ითხოვენ. მათ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომა სურთ, ასევე, სამსახურის რეორგანიზაცია. 

საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა სიმბოლური ნაჯახის წაღება სთხოვეს, თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით, ნაჯახი არა ნაგავი, არამედ ხეების ჭრის სიმბოლოა, ამიტომ მის წაღებას არ აპირებდნენ.

საკრეუბლოს დღევანდელ სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დავით ნარმანიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას დააყენებს. ამ ეტაპზე განაცხადს ხელს საკრებულოს მხოლოდ რვა დეპუტატის აწერს, მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას კი 24 ხმა სჭირდება.

 

საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან. 26.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე

საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან. 26.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ათინა ბრეგვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი