ახალი ამბები

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

26 აგვისტო, 2016 • 1894
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

სამანქანო ბომბი აფეთქდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, შირნაკის პროვინციის ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის შენობასთან დღეს, 26 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 8 საათზე. “გარდიანის” ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 9, დაშავებულია 64 ადამიანი. 

სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პოლიციის მრავალსართულიანი შენობა დანგრეულია. დაღუპულთა შორის, BBC-ის ცნობით, 8 პოლიციელია.

BBC-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას აფეთქების უკან, თუმცა თურქული მედია მომხდართან “ქურთისტანის მუშათა პარტიას” აკავშირებს.

წინა კვირას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 3 აფეთქება მოხდა, რასაც, ჯამში, 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია არც წინა თავდასხმებზე, მაგრამ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ფიკრი ისიკმა საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” უთხრა, რომ თავდასხმების უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლები დგანან. თურქეთის პრემიერმა, ბინალი ილდირიმმაც განაცხადა, რომ ამ სამი აფეთქების უკან PKK დგას, – “ქურთისტანის მუშათა პარტია”, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

როგორც სააგენტო “როიტერსი” წერს, 2015 წლიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები მრავალჯერ დაესხნენ თავს თურქეთის პოლიციისა და სამხედროების საგუშაგოებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უმეტესად ეთნიკური ქურთები ცხოვრობენ. “გარდიანის” ცნობით, მეტწილად ქურთები ცხოვრობენ სირიისა და ერაყის მოსაზღვრე ქალაქ ჯიზრეშიც.

“ქურთისტანის მუშათა პარტია” 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, – ისინი 15 მლნ-მდე ეთნიკური ქურთის ავტონომიისათვის იბრძვიან. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი