ახალი ამბები

შიმშილობიდან კარვების აქციამდე – პარტიზანი მებაღეების პროტესტი გრძელდება

25 აგვისტო, 2016 • 1826
შიმშილობიდან კარვების აქციამდე – პარტიზანი მებაღეების პროტესტი გრძელდება

პარტიზანული მებაღეობის აქტივისტებმა შიმშლობის აქცია შეწყვიტეს, თუმცა თბილისის მერიასთან პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება. გარემოს დამცველებს მერიასთან კარვების გაშლა სურთ, მაგრამ ამის საშუალებას ჯერჯერობით მათ არ აძლევენ.

საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება. შესაბამისად, როგორც იურისტი განმარტავს, რომ გარემოს დამცველებს შეუძლიათ საჯარო სივრცეში კარავი გაშალონ.

ნატა ფერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ კარვის გაშლის უფლება მათ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციას გამოუძახეს. თუმცა, როგორც გარემოს დამცველი ამბობს, სამართალდამცველები ვერ გაერკვნენ, ჰქონდათ თუ არა მოქალაქეებს საჯარო სივრცეში კარვის გაშლის უფლება.

პარტიზანული მებაღეობის აქტივისტის ცნობით, ამ დროისთვის დედაქალაქის მერიასთან გენისპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან.

“მერიას უნდა, რომ სადღაც ბუჩქებში შეგვტენონ. ჩვენ არ ვნებდებით და კანონიერად ვცდილობთ კარვების გაშლას. გამოვიძახეთ პატრული, თუმცა ისინი გონზე არ არიან, სად შეიძლება და სად არა კარვების გაშლა. ამიტომ დავრეკეთ გენისპექციაში და ახლა ველოდებით მათგან პასუხს, გაგვაშლევინებენ მათი ნებით კარვებს, თუ მოგვიწევს ძალით დადგმა,” – ამბობს ნატა ფერაძე.

თბილისის მერია სამოქალაქო აქტივისტებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ იმ ადგილზე, სადაც მეცხრე დღეა აქციები არ შეწყვეტილა. მათი განმარტებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება:

“ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს ოცი მეტრისა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი,” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, აქციის მსვლელობისას არ უნდა დაიბლოკოს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე მერიის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა. მერია გარემოს დამცველებს კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში სთავაზობს, თუმცა პარტიზანი მებაღეები ამას არ თანხმდებიან.

თბილისის მერიასთან შიმშილობა ნატა ფერაძემ დაიწყო. მეშვიდე დღეს მან ჯანმთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო შიმშილობის გაგრძელება. ნატა პარტიზანული მებაღეობის კიდევ ერთმა აქტივისტმა, ელენე მალაშევსკი–ჯაყელმა ჩაანაცვლა. დღეს ელენეს ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რის შემდეგაც გარემოს დამცველებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მალაშევსკი–ჯაყელი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ახლა უკვე სტაბილურია.

“ჩვენ შევწყვიტეთ შიმშილობის აქცია იმიტომ, რომ თბილისის მერიას საერთოდ რეაგირება არ აქვს. ეს იყო პროტესტის უკიდურესი ფორმა, თუმცა სადაც მერი “მაიმუნო ვირიშვილოთი” მოგმართავს, იმას შიმშილობით ვერაფერს გააგებინებ. ჩვენ ჯანმრთელობას მათ აღარ შევწირავთ. ახლა გადავდივართ კარვებით პროტესტზე და ახლა ვცდილობთ, კარვების გაშლას,” – ამბობს ფერაძე.

ნატა ფერაძის თქმით, გარემოს დამცველები ხვალიდან თბილისის მერიის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ ნინო სულხანიშვილის და ნუგზარ კახნიაურის გადადგომის მოთხოვნით, რომელზეც მათი სხვა მოთხოვნებიც იქნება დართული. პეტიციას ხელს აწერენ მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინიციატივა უსაფრთხო სივრცისთვის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

პარტიზანული მებაღეობის წევრები და მათი მხარდამჭერები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას მოითხოვენ. გარემოს დამცველები ასევე მოითხოვენ გამწვანების სამსახურის სტრუქტურის შეცვლას. სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი