ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Yandex Taxi-ს წარმომადგენელი: კომპანიის შემოსვლა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა

25 აგვისტო, 2016 • 12422
Yandex Taxi-ს წარმომადგენელი: კომპანიის შემოსვლა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა

“კომპანიის საქართველოში შემოსვლა დაახლოებით 2016 წლის იანვარში გადაწყდა და ეს იყო ერთგვარი სტრატეგიული გადაწყვეტილება – აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა კავკშირის სივრცეში შესვლა. ასევე ვგეგმავთ შესავლას სამხრეთ ამერიკაში, როგორც ვიცი, ბრაზილიასა და არგენტინაზეა საუბარი”,- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში რუსული კომპანია Yandex Taxi-ს რეგიონალური მენეჯერი, თენგიზ ველიანი.

რუსული კომპანია “იანდექს ტაქსის” მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო. როგორც ველიანი ამბობს “იანდექს ტაქსმა” ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო თბილისში არსებულ ტაქსების კომპანიებთან. ამ დროისთვის, თენგიზ ველიანის თქმით, თბილისში 6 პარტნიორი კომპანია ჰყავთ და კიდევ “ბევრს აქვს სურვილი მათთან თანამშრომლობის”.

“ზოგს არ უნდა პიარი, გამომდინარე იქიდან, რამდენად უარყოფითი ხმაური მოჰყვა ამ ყველაფერს”.

აღნიშნული თანამშრომლობა კი, როგორც ის ამბობს, ამჟამად მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიწოდებაში გამოიხატება. ველიანის თქმით, კომპანიებს, რომელთანაც ხელშეკრულებები გაფორმდა, ავტოპარკის განახლება და ხარისხიანი სერვისის მიწოდება უწევთ. “იანდექს ტაქსი” კი ამჟამად რეკომენდაციებს უწევს აღნიშნულ კომპანიებს:

“რუსეთში უფრო მკაცრია ეს რეკომენდაციები, 2012 წლამდე გამოშვებული მანქანების გამოყენების უფლება არ აქვთ”. რაც შეეხება თავად კომპანიების დაინტერესების საკითხს, თენგიზ ვალიანი ამბობს, რომ ინტერესი “მათი კლიენტების რიცხვის ზრდაა იაფი ფასისა და ხარისხის ხარჯზე”

კითხვაზე, ვისთან აწარმოებდა რუსული კომპანია “იანდექსი” მოლაპარაკებებს საქართველოში მსგავსი სახით საქართველოს ბაზარზე შესვლაზე, ველიანი აცხადებს:

“კომპანიის მმართველობაში არანაირად არ არიან წარმოდგენილი მაღლაჩინოსნები. რაც შეეხება “იანდექსის” აქციების ფლობას, სიმართლე გითხრათ, ძირითადი პაკეტის მფლობელია ბატონი ვოლოჟი [არკადი ვოლოჟი – იანდექსის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი], რაც შეეხება დანარჩენს აქციებს, არავინ იცის, ვინც არის მფლობელი. დახურული ინფორმაციაა”.

მისი განცხადებით, საქართველოში “იანდექს ტაქსს” არ გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი, რამდენდაც ამ ეტაპზე ბიზნესსაქმიანობას არ ახორციელებს.

რაც შეეხება “იანდექსის” პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ საკითხზე [იანდექსის რუკაზე საქართველო წარმოდგენილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე] და კონკრეტულად მისთვის წარმოადგენს თუ არა ეს საკითხი პრობლემას, თენგიზ ვალიანი გვპასუხობს:

“ჩვენ ვეუბნებოდით მათ თავიდანვე, რომ ეს თემა საქართველოში წამოწეული იქნებოდა, საუბარია დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე. ამის მიუხედავად რისკები უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეგვიძლია საქართველოსთვის [განახლებული და გამართული ტაქსოპარკი და, შესაბამისად, ეკოლოგიის გაუმჯობესება]. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და სათაო ოფისთან გვქონდა კამათი არაერთხელ, რომ უნდა გასწორებულიყო. ზოგადად, კომპანიას აქვს პრინციპი, დაიცვას იმ ქვეყნის კანონები, სადაც საქმიანობს. თუმცა აქ ორი მომენტია- საქართველოში დაიწყო მუშაობა “იანდექს ტაქსის” სერვისმა და არა უშუალოდ “იანდექსმა”, რომლის სტრუქტურაში უამრავი კომპანიაა. ჩვენმა სერვისმა კანონმდებლობის დასაცავად ყველაფერი გააკეთა. მაგალითად, იმაში, რასაც ვთავაზობთ ქართულ მომხმარებელს, ყველაფერი დაცულია. აფხაზეთი და ოსეთი ნამდვილად არის ჩვენს რუკაზე საქართველოს ტერიტორია. “იანდექს ტაქისის” საიტზეც იგივეა. რაც შეეხება თავად “იანდექსის” რუკებს, იცით, ჩვენი სათაო ოფისი მუშობს რუსეთში და რუსეთი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, მიმდინარეობს რუკის კორექტირება, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა პროგრამულად ამ თემის გასწორება. რუსული მხარე წამოვიდა იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს. არაუგვიანებს 1 ოქტომებრდე, მე გპირდებით, რომ ეს გამოსწორებული იქნება”.

Screen Shot 2016-08-25 at 6.49.51 PM

რუსული კომპანია “იანდექსის” ქართველი პარტნიორი, საქართველოში “იანდექს ტაქსის” სერვისის მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენელი ლევან გუგუნაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ტაქსების რუსული კომპანიის მუშაობის დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს.

“ეს არის კონკურენტების კომენტარები, მეტი არაფერი. ქართული კომპანია საქართველოში რომელია, დამისახელეთ.
კომპანიების დიდი ნაწილი საქართველოში რუსულია. დენი, გაზი, ყველაფერი რუსეთიდანაა, ტაქსი, რა… უბრალოდ, ალბათ, “იანდექსი” ძლიერია მათზე და შიში აქვთ”, – ამბობს გუგუნაშვილი.

ლევან გუგუნაშვილის განმარტებით, თავად “იანდექსის” წარმომადგენლად საკუთარ თავს არ მიიჩნევს.

“ეს იყო ტაქსის გამოძახების სერვისი 112-112 [“ელიტ ტაქსი”], რომელიც გუგუნაშვილის თქმით, “იანდექს ტაქსად” გადაკეთდა და 2016 წლის 23 აგვისტოს მუშაობა ახალი ავტოპარკით და სერვისით დაიწყო.

“ბიზნესია ჩვეულებრივი. ამასწინათ შალვა ნათელაშვილის გამოსვლა ვნახე, თითქოს ივანიშვილის ყოფილა “იანდექსი”. მართლა არ ვიცი, რა, ხანდახან მეცინება ხოლმე… მე ბიძინა ივანიშვლის პარტნიორი რომ ვყოფილიყავი, მართლა კარგი იქნებოდა ჩემთვისაც”.

“იანდექს ტაქსის” სერვისის მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმითვე, მისთვის უცნობია იმის შესახებ, რომ “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი და, შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევს.

“მე ქართველი და პატრიოტი ვარ, მე თავად არ დავუშვებ იმას, რომ აფხაზეთი ან სამაჩაბლო ჩამომაჭრან რუკაზე. პირველი ეგ შევამოწმე, რადგან იყო იქ ამ საკითხზე რაღაცები და ვიცი, რომ მერე მაგაზე იმუშავეს. ჩვენს სამუშაო რუკაზე ეს ნამდვილად ასეა”.

იანდექს ტაქსის გენერალური დირექტორი რუსეთში, ტიგრან ხუდავერდიანი 2016 წლის 25 ივლისს რუსულ გამოცემა “ვედომოსტისთან” საუბარში ამბობდა, რომ “იანდექს ტაქსის” პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველო, დსთ-ს ევროპული ნაწილის ყველა მსხვილი ქალაქიცაა”.

“იანდექს ტაქსის” გამოჩენამ თბილისის საზოგადოებაში ნეგატიური რეაქციები გამოიწვია და სოციალურ ქსელებში აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ აქციაც დაიწყო.

Screen Shot 2016-08-25 at 8.21.05 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი