ახალი ამბები

უცხოელი ტურისტები აჭარაში დღეში საშუალოდ 450 ლარს ხარჯავენ – კვლევა

25 აგვისტო, 2016 • 2406
უცხოელი ტურისტები აჭარაში დღეში საშუალოდ 450 ლარს ხარჯავენ – კვლევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევის თანახმად, აჭარაში სტუმრები ძირითადად ღირშესანიშნაობებისა და ბუნების დასათვალიერებლად ჩამოდიან, აჭარაში საშუალოდ 4 დღით რჩებიან და დღეში საშუალოდ 450 ლარს ხარჯავენ.

უფრო ზუსტად, კვლევის თანახმად, საშუალოდ ტურისტის ერთი დღის მთლიანი ხარჯი (კვლევის ჩატარების პერიოდის მონაცემებით) შეადგენდა  451.15 ლარს, აქედან საკვებსა და სასმელზე ხარჯი (შეწონილი საშუალო ერთ ტურისტზე, ერთ დღეზე), დაახლოებით 192 ლარია:

  • საკვები და სასმელი (რესტორნებში, კაფეებში და ბარებში) 82.61 ლარი;
  • საკვები და სასმელი (გარდა რესტორნების, კაფეების და ბარების) 109.87 ლარი;
საშუალოდ ტურისტის ერთი დღის მთლიანი ხარჯი. ინფოგრაფიკა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

საშუალოდ ტურისტის ერთი დღის მთლიანი ხარჯი. ინფოგრაფიკა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვიზიტორების ქვეყნიდან გასვლის მომენტში ჩატარდა. გამოიკითხა 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოეთის მოქალაქე – ჯამში, 1027 ვიზიტორი.

გამოკითხულთა უმრავლესობა განმეორებით სტუმრობდა აჭარას. უცხო ქვეყნის ეს მოქალაქეები ძირითადად ინდივიდუალურად (42.7%) ან მეგობრებთან ერთად (35.2%) მოგზაურობდნენ, ოჯახთან ერთად აჭარას მხოლოდ გამოკითხულთა 17.5%, ხოლო თანამშრომლებთან ან კოლეგებთან ერთად 4.6% სტუმრობდა. მათ დიდ უმრავლესობას აჭარაში განმეორებით სურს ჩამოსვლა:

უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ აჭარაში განმეორებით ჩამოსვლა გამოკითხულთა 96.2%-ს სურს. დიაგრამა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ აჭარაში განმეორებით ჩამოსვლა გამოკითხულთა 96.2%-ს სურს. დიაგრამა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, სტუმრები აჭარაში ძირითადად ღირშესანიშნაობების, ბუნებისა და ლანდშაფტის დასათვალიერებლად (38,8%), მეგობრების მოსანახულებლად (16,6%) და აზარტული თამაშებისთვის (12,5%) ჩამოდიან. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32% უჭირავს, მაშინ, როცა კვლევის მიხედვით ეკოტურიზმით ტურისტების 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74% ტურისტია დაკავებული.

უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ აჭარაში სტუმრები ძირითადად ღირშესანიშნაობებისა და ბუნების დასათვალიერებლად ჩამოდიან. ინფოგრაფიკა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ აჭარაში სტუმრები ძირითადად ღირშესანიშნაობებისა და ბუნების დასათვალიერებლად ჩამოდიან. ინფოგრაფიკა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში გამოკითხული უცხოელი ვიზიტორები ადგილებრივებმა საკვებსა და სასმელზე საშუალოდ 3-ჯერ დაპატიჟეს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფასო საკვებით/სასმელით (რესტორნების, კაფეების და ბარების გარდა) უცხოელი ვიზიტორი საშუალოდ ოთხნახევარი დღის განმავლობაში იყო უზრუნველყოფილი (შეწონილი მონაცემები). 

აჭარაში იანვარ-მარტის პერიოდში მყოფი ტურისტებისთვის მთავარ პრობლემას უამინდობა (1,36%) და პატრულთან დაკავშირებული პრობლემები (1,13%) წარმოადგენდა, თუმცა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, “მცირე პროცენტით პრობლემებში ფიგურირებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, მომსახურების დონე და უცხო ენის პრობლემა”.

დეპარტამენტის ცნობით, 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარებული მსგავსი კვლევისას ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა მომსახუბის დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა.

დიაგრამა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

დიაგრამა: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი