ახალი ამბები

დავით ნარმანია ბოდიშს იხდის

25 აგვისტო, 2016 • 1651
დავით ნარმანია ბოდიშს იხდის

თბილისის მერი დავით ნარმანია ბოდიშს იხდის გუშინ, 24 აგვისტოს მის მიერ ნათქვამი არაკორექტული სიტყვების გამო. თბილისის მერმა სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს მიაყენა შეურაცხყოფა და “მაიმუნი, ვირიშვილი” უწოდა:

“მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო”, – აცხადებს ნარმანია ფეისბუკზე.

ნარმანიასგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ონლიან-პეტიცია შექმნა, ხოლო საკრებულოში ენმ-ის ფრაქციებმა თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყება დააანონსეს.

თბილისის მერიაში შეხვედრა გამწვანების რეგულაციების თემაზე მიმდინარეობდა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. მერიის მიერ შეხვედრაზე მიწვეული სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ გლობალური დათბობის გამო ფუჭდება ხეები, რის გამოც საჭიროა მათი მოჭრა.

გარემოს დამცველებმა თბილისის მერიის მიერ მიყვანილ სპეციალისტებს “გამპრავებლები” უწოდეს და შეხვედრა ხმაურიანად გაგრძელდა. დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115–ის წევრ ირაკლი კუპრაძეს. დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი