ახალი ამბები

რას აშენებს თავდაცვის სამინისტრო მწვანე კონცხზე

19 აპრილი, 2012 • 1411
რას აშენებს თავდაცვის სამინისტრო მწვანე კონცხზე

აშენებს თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზას მწვანე კონცხზე და რა დანიშნულება ექნება ამ ახალ ბაზას? – “ბათუმელები” ამ საკითხის გარკვევას შეეცადა. 

მწვანე კონცხზე, ზღვის დონიდან თითქმის 400 მეტრის სიმაღლეზე, ომბალაურის დასახლებაში ოთხი თვითმცლელი მანქანით მიწას ეზიდებიან. ჩვენს შეკითხვაზე – თუ სად შენდება სამხედრო ბაზა, იქვე, მანქანებთან მყოფი სამხედროფორმიანები ომბალაურის გზისკენ მიგვითითებენ.

ომბალაურისკენ მიმავალი გზა მოუწესრიგებელია. 20 წუთის შემდეგ მოზრდილი ზომის სამხედრო კარავი ჩანს. საპირისპირო მხრიდან ტვირთმცლელი მიდის. სამოქალაქო და სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები გვიახლოვდებიან. ისინი ჩვენი ვინაობით ინტერესდებიან:

“ჟურნალისტები ვართ, სამხედრო ბაზის გადაღება გვინდა” – ვეუბნებით. 

“იქამდე ვერ მიხვალთ, – გვეუბნებიან ავტომანქანის კაბინიდან, – ტალახია. აგერ, სამხედროა და იმას ჰკითხეთ.”

სამხედროფორმიანი ამბობს, რომ მას და მის ამხანაგებს ტერიტორიის დაცვა აქვთ დავალებული, ამიტომ გზის გაგრძელების უფლებას ვეღარ მოგვცემენ.

საუბარში ომბალაურის მკვიდრი ერთვება:

„იცი რა, ახლა ამაზე რამე რომ გამოაქვეყნო, რამე რომ ვთქვათ, ყველას დაგვიჭერენ, როგორც ჯაშუშებს. არ შეიძლება და მორჩა…. თავდაცვის სამინისტრო აშენებს“.  

სოფლის მცხოვრებს ფორმიანები ყველაფერში ეთანხმებიან. იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მუშაობენ, მამაკაცები სატვირთო მანქანებისკენ გვითითებენ – „ეს ხალხიცა და მანქანებიც სამინისტრომ გამოაგზავნა თბილისიდან“. 

შენდება თუ არა მწვანე კონცხზე, ომბალაურის უბანში სამხედრო ბაზა და თუ შენდება, რა დანიშნულება ექნება მას? – ამ კითხაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირდებოდა. სალომე მახარაძე ყოველ ჯერზე გვპირდებოდა, რომ გადამოწმებულ ინფორმაციას მოგვაწვდიდა, თუმცა ეს ინფორმაცია  ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი