ახალი ამბები

ანა დოლიძე და კახა კოჟორიძე მერიასთან “პარტიზანული მებაღეობის” წევრებს შეხვდნენ

25 აგვისტო, 2016 • 3638
ანა დოლიძე და კახა კოჟორიძე მერიასთან “პარტიზანული მებაღეობის” წევრებს შეხვდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ მერიასთან მოშიმშილე “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები მოინახულეს

“ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენგანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხან ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცა შიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მოვუწოდებთ მათ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებით დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას,” – განაცხადა ანა დოლიძემ მოშიმშილეებთან შეხვედრისას.

ადმინისტრაციის ცნობით, კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამწვანებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით დედაქალაქში არსებული პრობლემები საბოლოოდ დარეგულირდება.

“ამ ქალაქში მართლაც რომ არსებობს გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ძალიან დიდი ხანია, და იმედია, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი და დარეგულირდება ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კვლავ სურვილი თავიანთი პროტესტი ასეთი რადიკალური ფორმებით დააფიქსირონ,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თბილისის მერიასთან ამ დროისათვის “პარტიზანული მებაღეობის” ერთი წევრი შიმშილობს. აქციები უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა “პარტიზანმა მებაღემ”, ნატა ფერაძემ 17 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

20 აგვისტოს, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოცხადდა, – 10 დღის განმავლობაში ხეების ჭრა დროებით შეაჩერა.

თბილისის მერი საკრებულოში გამწვანების საკითხებზე 26 აგვისტოს ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი