მაია მიმინოშვილი 25.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აბიტურიენტების 74%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი (მსურველთა 74%) გახდა, ხოლო სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

ამ თემაზე ჟურნალისტებთან დღეს, 25 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ისაუბრა. მიმინოშვილის თქმით, 10120მა  აბიტურიენტმა 100- %იანი გრანტი მოიპოვა, 1400-მა 70%-იანი, ხოლო 50-პროცენტიანი სახელმწიფო თანადაფინანსება 4000-ზე მეტ აბიტურიენტს ექნება.

მიმინოშვილის თქმით, იყო ისეთი შემთხვევები, როცა აბიტურიენტებმა არჩეულ და სავალდებულო საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსახვედრად ქულები არ ეყოთ.

საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობისა და თანმიმდევრობის ცვლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს გამოცდების დასრულების შემდეგ, 11 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ.   სასურველი ფაკულტეტის მითითება აბიტურიენტებს ქულების გაგების შემდეგაც შეეძლოთ. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი შესაძლებლობა სრულად ხსნის მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას და დარჩენილ ადგილებზე მეორადი ჩარიცხვები აღარ გამოცხადდება.

მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არანაირ გაუგებრობას და დეზინფორმაციას ადგილი არ ჰქონია:

“სრულიად განსხვავებულ პასუხს არ მიიღებენ. ამის სრული გარანტია შემიძლია მივცე, თუმცა დაზუსტებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაცია. ნამდვილად არასწორია ასე ფორმულირება, რომ ცრუ ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი აბიტურიენტებისთვის.

ჩვენ არაერთხელ ვატრიალებთ ჩარიცხვის პროგრამას. ის, რაც მოხდა, მე ამას ვერც ხარვეზს ვერ დავარქმევ, ვერც გაუგებრობას, ყველაფერი ძალიან გასაგებია – ღამის 11 საათზე პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა. ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი არ იყო გამორთული” – თქვა მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი ცვლილება, რაც შესაძლოა წინასწარ გავრცელებულ შედეგებს ოფიციალურისგან განასხვავებდეს, საგრანტო კონკურსს ეხება. მიმინოშვილის თქმით, რამდენიმე აბიტურიენტს დაემატა გრანტი, რამდენიმეს კი შეუმცირდა – ასეთი დაახლოებით 50 აბიტურიენტია.

მაია მიმინოშვილის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი არ ითვალისწინებს მხოლოდ ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიღებას. აბიტურიენტებს მისი საშუალებით შეეძლოთ გაეგოთ სხვადასხვა საგნებში ქულებისა და აპელაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია.

ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გახადა საჯარო, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაგება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

ავტორი