უჩა ნანუაშვილი. ფოტო– სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენმა მოსამართლეების დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 23 აგვისტოს მოწვევის წერილი გაუგზავნა მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის  შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, მონიკა პინტოს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მოწვევის მიზანია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის კუთხით არსებული  სისტემური ხასიათის პრობლემების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.

მათივე ინფორმაციით, მოწვევის წერილში საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტების ხელყოფაზე:

  • მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების კრიტერიუმებისა და პროცედურების ბუნდოვანება
  • საქმის საჯაროდ განხილვის კანონსაწინააღმდეგოდ შეზღუდვა
  • დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მხარისთვის გადაცემის და საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უგულებელყოფა
  • უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები, ასევე, მოწმეთა თანაბარ პირობებში დაკითხვის უფლებით სარგებლობის საკანონმდებლო ბარიერები
  • ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას არსებული პრობლემური საკითხები
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე საერთო სასამართლოების მიერ განვითარებული პრაქტიკა

ომბუდსმენის განცხადებით, ვიზიტის განმავლობაში სპეციალური მომხსენებლი ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტების დასრულებისას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი