ახალი ამბები

სააკაშვილი მახათადან: ქრისტიანობა ჩვენი პასპორტია ევროპისაკენ

18 აპრილი, 2012 • 2652
სააკაშვილი მახათადან: ქრისტიანობა ჩვენი პასპორტია ევროპისაკენ

მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს პატრიარქმა ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნის წინაშე  17 აპრილს თბილისში, მახათას მთაზე ახალ ეკლესიას საძირკველი ჩაუყარეს.

ეკლესია (ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია), საპატრიარქო რეზიდენცია, მონასტრის იღუმენის საცხოვრისი, ბერების საცხოვრებელი კორპუსი, სატრაპეზო, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, საკვირაო სკოლა, მუზეუმი, სახელოსნოები, სასტუმრო, კარიბჭე წყალკურთხევის აუზი – ეს არის ის, რაც გენერალური გეგმის მიხედვით, რამდენიმე წელში მახათას მთაზე აშენდება.

ცერემონიას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის გარდა პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა საერო პირები ესწრებოდნენ, თვალს ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე მთაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა,“– მიმართა სააკაშვილმა საზოგადოებას.

პრეზიდენტის განაცხადით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ტაძრების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარი უკვე დახარჯა. მისი განმარტებით, ოთხი მილიონი დაიხარჯა ფოთის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისთვის, ორი მილიონი ლარი– გრემის აღდგენისთვის. ხუთი მილიონი კი, მისივე თქმით, ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის იხარჯება.

ათასობით შეკრებილ მორწმუნეს პრეზიდენტმა ისიც შეახსენა, რომ ხელისუფლება ქართული ტაძრებისა და კულტურული ძეგლების გადასარჩენად უცხოეთშიც აქტიურად მუშაობს.

„ქრისტიანობა არის ჩვენი პასპორტი ევროპისაკენ და ჩვენი პასპორტი ცივილიზებული მსოფლიოსაკენ,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა საქართველოს პატრიაქრის ღვაწლისა და დამსახურებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოში არც ერთ ეკლესიას არ ჰყავს მისი მსგავსი გამოცდილი და ღვაწლმოსილი პატრიარქი, რითაც შეკრებილ მორწმუნეთა ოვაციები დაიმსახურა.

თუმცა თავიანთ გამოსვლებში პატრიარქსა და პრეზიდენტს არ უსაუბრიათ იმაზე, თუ რატომ უნდა აშენებულიყო ახალი საეკლესიო კოპლექსი მახათას მთაზე.  

სხვადასხვა დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშულებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში თბილისში მცხოვრები ერთ–ერთი ქალბატონის, გულნარა კუკულაძის თქმით, მახათას მთაზე ტაძრის აშენება სწორედ მის ხილვას უკავშირდება. კუკულაძის ხილვაზე საუბრობენ სასულიერო პირებიც. 

ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამღვარი, დეკანოზი გურამ გურამიშვილი, რომელიც დღეს ასევე ესწრებოდა მახათას მთაზე გამართულ ცერემონიას, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სწორედ გულნარა კუკულაძის ხილვას უკავშირდება აღნიშნული ეკლსიის მშენებლობის დაწყების ინიციატივა.

“მას ნამდვილად ჰქონდა ხილვა. მის სახელზე პატარა სამლოცველოც იყო აქ აშენებული, თუმცა შემდეგ უკვე ღირსთა ათონელთა მამათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა სახელობის ტაძარად გადაკეთდა. შემთხვევით არაფერი ხდება, ეტყობა, ეს ყველაფერი უფლის ნება იყო. ქართველი ერი გაჭირვების ჟამს ყოველთვის აშენებდა ტაძრებს და ყოველი ახალი ტაძარი შემაკავშირებელია ქართველი ერის. ეს ტაძარი კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს,”–ამბობს დეკანოზი გურამ გურამიშვილი.

“მე მქონდა ხილვა 2001 წლის 10 სექტემბერს. ღვთისმშობელი მობრძანდა მახათას მთაზე და ითხოვდა ტაძრის მშენებლობას, ითხოვდა, საყდარი ამიშენეთო. ვუთხარი, ვინ დამიჯერებს ამას–მეთქი, და მაჩვენა ამერიკაში 2 შენობა იწვოდა. მითხრა, ეს მოხდებაო. თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, რადგან ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა და რთული იყო ასეთი რამ მეთქვა. როცა ეს ამბავი მოხდა, მივხვდი, რომ სიმართლე იყო. ამის შემდეგ მივედი ტაძრებში და მოძღვრებს ვუყვებოდი. ბოლოს საპატრიარქოში მივედი და მოვყევი, ყველა გაოცდა,”– განაცხადა გულნარა კუკულაძემ ერთ–ერთ გამოცემასთან საუბარში. 

თეოლოგი ბასილ კობახიძე ეკლესიის ისტორიაში მსგავსი გამოცხადებების ფაქტებზე მიუთითებს, რაც ტაძრის ან მონასტრის აშენების საფუძველი გამხდარა, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეკლესიის ისტორიაში მრავლად იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ეცხადებათ ღმერთი, ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდანები.

“საქართველოში ასეთი ადამიანები განსაკუთრებით გასული საუკუნეების 90-იანი წლებიდან მომრავლდნენ. ეკლესიის მოვალეობაც სწორედ ისაა, რომ დაკვირვებით მოეკიდოს ასეთ განცხადებებს, რათა აშკარა ბოდვებს არ მიანიჭოს საეკლესიო ლეგიტიმაცია. მაგრამ საპატრიარქო პირიქით იქცევა.

მახათას მთაზე მიმდინარე მშენებლობა დაფუძნებულია ქალბატონ გულნარა კუკულაძის “გამოცხადებებზე.” საპატრიარქო დღეს ამას მალავს, ასევე მალავს ამ ქალბატონის სახელს და იყენებს რელიგიურ ისტერიას თავისი მიზნებისათვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის საპატრიარქოს მხრიდან.

მე პირადად ვკითხე მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს, თუ რატომ იყენებდა საპატრიარქო ამ ქალბატონის მოჩვენებას და იმის მაგივრად, რომ მას მკურნალობაში დახმარებოდა, უფრო უღვივებდა საკუთარი “ღვთისგან რჩეულობის” შეგრძნებას.

მიტროპოლიტმა დანიელმა მიპასუხა, რომ ამ მოძრაობამ მახათას მთაზე უკვე დიდი მასშტაბები მიიღო და საპატრიარქომ გადაწყვიტა, სათავეში ჩასდგომოდა მას. შემდეგ მოხდა კონფლიქტი კუკულაძესა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის, კუკულაძე გააგდეს და ახლა საპატრიარქო მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებით იფარგლება, რომ მახათას მთაზე “ერთ ქალბატონს” ჰქონდა ღვთიური გამოცხადება,”– ამბობს ბასილ კობახიძე. 

დღეს მახათას მთაზე მყოფი სასულიერო პირები აღნიშნავდნენ, რომ ხილვის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პატრიარქმა ქალაქის მერთან  შეთანხმებით მიიღო. 

ახალი ეკელსიის მშენებლობის მნიშვნელობაზე თბილისის მერი გიგი უგულავა 2011 წლის 12 მაისს, ეკლესიის საძირკვლის კურთხევის დროს აცხადებდა, რომ “ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თბილისელისთვის, ვინაიდან ისტორიულად მონასტრები ატარდებდნენ საგანმანათლებლო და სოციალურ ფუნქციას. ეკლესია – მონასტრები იყო ის ადგილი, სადაც ადამიანი იკურნებოდა სულიერად და ხორციელად. ამიტომ ამ მშენებლობას დიდი მშენებლობა აქვს. ის იწყება დღეს და იწყება თითოეული თქვენთაგანის მონაწილეობით.”

მახათას მთაზე ეკლესის აშენების შესახებ საზოგადოებამ 2010 წლის 24 მაისს ფონდ „იავნანას“ აქციაზე გაიგო. მაშინ ილია მეორემ საზოგადოებას კურთხევა მისცა, თანასწორი წვლილი შეეტანათ ეკლესიის აშენების პროცესში.

თანხის ოდენობის მიუხედავად, მორწმუნეები 1 ლარს საკუთარ სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას ახლობლების, გარდაცვილილი წინაპრებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე წირავენ.

როგორც ფონდ “ივერიონში” ამბობენ, სადაც აღნიშნული ეკლესიის მშენებლობისთვის თანხა გროვდება, „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის შემდგომ ღვისმშობლის სავანის მშენებლობა მახათას მთაზე არის კიდევ ერთი საშუალება ჩვენი ერის მიერ ღვთისაგან განშორების ცოდვის მონანიებისა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი