ახალი ამბები

მერია, მორატორიუმის მიუხედავად, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრას უსაფრთხოების მიზნით ხსნის

24 აგვისტო, 2016 • 1770
მერია, მორატორიუმის მიუხედავად, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრას უსაფრთხოების მიზნით ხსნის

თბილისში ხეების მოჭრის შესახებ ათდღიანი მორატორიუმის გამოცხადების მიუხედავად, ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ტერიტორიაზე (ყაზბეგის #22-ში ) 23 აგვისტოს 8 ხე მოიჭრა, ხოლო 24 აგვისტოს-კიდევ 2.

თბილისის მერიაში ხეების ჭრის გაგრძელებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ადგილზე დარჩენილი რამდენიმე ნაწილობრივ მოჭრილი ხე უსაფრთხოების მიზნით ადგილიდან გაიტანეს, თბილისის მერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი კი მაცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველ ხეებს არ ეხება.

14054273_1775189669406553_1238571433828928413_o

“ზედამხედველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა იყოს ეს ხეები ადგილიდან გატანილი, ანუ მოშორდეს, რადგან ეს არის მოსახლეობისთვის საშიში. პირველ რიგში, იყო ნახევრად მოჭრილი და მთლიანად ფუღუროებით”- განუცხადა თბილისის მერიის პრესსამსახურმა ნეტგაზეთს.

დღეს ყაზბეგის 22 ნომერში იმყოფებოდნენ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

“ თავის დროზე რომ ნებართვა აიღო “ორბი ჯგუფმა” და პირველ დღეს მოხდა ამ ხეების ძირების ჩაჭრა, გარშემომყოფებისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება წაიქცეს ხე”.- საუბრობს ხეების მოჭრის მიზეზებზე ზედამხეველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი შალვა მესხია.

ადგილზე ასევე მუშაობდნენ ექსპერტები, რომლებიც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში მონაწილეობენ.

“გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, დღეს ხის მჭრელების ბრიგადა მოვიდა და ყაზბეგის 22-ში ხეების ჭრა გააგრძელეს. ჩვენ მაშინვე ჩამოვედით ამის შესაჩერებლად და საპატრულოც გამოვიძახეთ, მაგრამ როგორც ზედამხედველობის სამსახური ამბობს, მათ აქვთ ამ ხეების მოჭრის უფლება, რადგან პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს ხე არის ავარიული. ადგილზე მოსულმა პატრულმა თქვა, რომ ისინი აქ ვერაფერს იზამდნენ, რადგან უკვე იქ იმყოფებოდა ზედამხედველობის სამსახური,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ყაზბეგის გამზირზე მაცხოვრებელი ალექსანდრე თარგამაძე.

ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრა გრძელდება. 24.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

როგორც ნეტგაზეთმა ზედამხედველობის სამსახურთან გაარკვია, ყველა ის ხე, რომლის მოჭრაზეც ნებართვა გაიცა, უკვე გაჩეხილია.

ალ. ყაზბეგის 22 ნომერში “ორბი ჯგუფის” მიერ დაგეგმილია ორი 38-40-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის მთლიანი ღირებულებაც შეადგენს 100 მილიონ დოლარზე მეტს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მოცემულ ტერიტორიაზე 45 ძირი ხის გაჩეხვასა და  გადარგვაზე გასცა ნებართვა, რამაც გამოიწვია მოსახლეობისა და გარემოს დამცველების უკმაყოფილება.

ხეების გაჩეხვას ამ დრომდე აპროტესტებს “პარტიზანული მებაღეობა თბილისში”, რომლის წევრი ნატა ფერაძეც თბილისის მერიასთან 6 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მოგვიანებით მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო და შიმშილობა “პარტიზანული მებაღეობა თბილისის” კიდევ ერთმა წევრმა ელენე ჯაყელმა განაგრძო.

მასალების გადაბეჭდვის წესი