ახალი ამბები

თსუ-ში სწავლის დაწყების თარიღი შესაძლოა გადაიდოს

24 აგვისტო, 2016 • 2951
თსუ-ში სწავლის დაწყების თარიღი შესაძლოა გადაიდოს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა გადაიდოს. თსუ-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მალე გამოქვეყნდება. სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრები კი ფიქრობენ, რომ სასწავლო ვადების სავარაუდო გადაწევა თსუ-ში რექტორის არჩევნებს უკავშირდება.

როგორც თსუ-ში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ დროისთვის 12 სექტემბერს არის განსაზღვრული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში 2016 წლის 18 აგვისტოს შეტანილი ცვლილებები კი, სასწავლო ვადების ახლებურად დაგეგმვის საშუალებას იძლევა. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დარეჯან თვალთვაძის ბრძანებით, თსუ-ში სააუდიტორიო მეცადინეობები 12 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, არდადეგები 1-დან 8  იანვრამდე, ასევე, 23 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდებოდა, სააუდიტორიო მეცადინეობები 24 ივნისს, გამოცდები კი 19 ივლისს დასრულდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ცვლილებების შემთხვევაში, როგორ განისაზღვრება ეს ვადები.

სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115”-ის წევრები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის სასწავლო ვადების შეცვლა სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, “გარდა იმისა, რომ აჩენს უამრავ კითხვას, ასევე არღვევს, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების უფლებებს”:

“აუდიტორია 115”-ის შეფასებით, მოცემულ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ სწავლის დაწყების თარიღი შეიცვალოს:

“გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ცვლილების ინიცირება ემსახურება მხოლოდ ერთს: რექტორის არჩევნები ჩატარდეს ისეთ დროს, როდესაც უნივერსიტეტში არ იქნება სასწავლო პროცესი, რაც არჩევნების გამჭვირვალობასა და ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს”, – აცხადებენ “115-ელები”.

მათ შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა მიიღოს განათლების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძემ. აუდიტორია 115-ის ინფორმაციით, თსუ-ში აპირებენ, სწავლის დაწყების თარიღად 3 ოქტომბერი დანიშნონ, – რექტორის არჩევნების შემდეგ. თსუ-ის რექტორობის კანდიდატს აკადემიური საბჭო 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი