ახალი ამბები

თბილისის მერმა სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა

24 აგვისტო, 2016 • 2179
თბილისის მერმა სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა

“მაიმუნი ვირიშვილი ეს!” – დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ამ სიტყვებით თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115–ის წევრი ირაკლი კუპრაძე მოიხსენია.

ირაკლი კუპრაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მხოლოდ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: მწვანე მუშტი, პარტიზანული მებაღეობა თბილისში და მწვანე ალტერნატივა:

“სხვა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰყავდათ მოყვანილი მათი პიარისთვის, ვითომ სპეციალისტები. ისინი აქებდნენ და ადიდებდნენ მერიას, თითქოს ყველაფერი კარგად კეთდებოდეს და მერიის სამსახურები საოცრებები არიან. სამოქალაქო აქტივისტებს რეგისტრაციის საშუალება არ მოგვცეს, რომ შევსულიყავით შეხვედრაზე. მობილიზებული იყვნენ იმისთვის, რომ გამოსულიყო დიდი პიარ–ღონისძიება წინასაარჩევნოდ. დასაჯდომი ადგილი ფიზიკურად არ იყო იმიტომ, რომ ყველა მათი წარმომადგენელი ჰყავდათ მოყვანილი. ხომ შეიძლებოდა, რომ დაებალანსებინათ და მოქალაქეებისთვისაც დარჩენილიყო რამდენიმე ადგილი.”

კუპრაძის თქმით, თბილისის მერიის დამცველები ამბობდნენ, რომ დედაქალაქში ხეების ჭრა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ცუდ მენეჯმენტს და უკანონო ნებართვებს კი არ უკავშირდება, არამედ ეს მდგომარეობა არის მხოლოდ გლობალური დათბობის ბრალი:

“ეს იყო ჩვენი დაცვინვა და ამის წინააღმდეგ წავედით. როცა დავიწყეთ საუბარი, გამოვიდა მერი მდგომარეობიდან და დაიწყო ჩვენი ლანძღვა. შენობიდან რომ გამოვედით, შემდეგ გავიგეთ ეს. ვიდეო გავრცელებამდე არც ვიცოდით.”

დღეს, 24 აგვისტოს, თბილისის მერიაში შეხვედრა გამწვანების რეგულაციების თემაზე მიმდინარეობდა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი