ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გორში ადგილობრივების მოსავალს რუსი ჯარისკაცები იღებენ

24 აგვისტო, 2016 • 1675
გორში ადგილობრივების მოსავალს რუსი ჯარისკაცები იღებენ

ყოველწლიურად იზრდება რაოდენობა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ ექცევა.

მიწის ნაკვეთის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩენის ბოლო ფაქტის შესახებ ცნობილი დღეს, 2016 წლის 24 აგვისტოს გახდა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მცხოვრები შალვა ჩილინდრიშვილი საკუთარი მიწის ნაკვეთზე მოსავლის მისაღებად ვეღარ შევიდა. როგორც აღმოჩნდა, შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით ჩილინდრიშვილის კუთვნილი 6 ჰექტარი ფართობის ნაკვეთზე მოყვანილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.

“მოვხანით, დავთესეთ, არავის არაფერი უთქვამს. მარტში გამოჩნდნენ. როცა ვრჩებოდით დათესვას, შემოვიდნენ და გაგვყარეს ამ ფართობიდან. მოიტანეს ბოძები. მოსავლის აღების დროსაც შესვლის უფლება აღარ მოგვცეს. თავად აიღეს. 2 ჰექტარზე უკვე აღებულია  15 ტონამდე მარცვლეული”, – ამბობს ჩილინდრიშვილი.

2 წელია საკუთარ სახელზე დარეგისტრირებულ 4.5 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე ვერ შედის სოფელ წითელუბანში მცხოვრები როლანდ ცეცხლაძე.

“ბოლოს სამი წლის წინ დავთესე ქერი და ხორბალი. ორი წლის წინ, როდესაც ნაკვეთში ტრაქტორი ავიყვანე მიწის დასამუშაველად, ჩვენი, ადგილობრივი პოლიცია დამხვდა და მითხრა, რომ ვერ შემიშვებდა ნაკვეთში, რადგან პასუხისმგებლობას ჩემს უსაფრთხოებაზე ვერ აიღებდნენ. მაშინ ჩემს ნაკვეთში ოკუპანტებმა ბანერი დადგეს. ვთხოვდი პოლიციას, ოღონდ შემიშვით, გამიტაცენენ და გამიტაცონ-მეთქი, მაგრამ არაო”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში როლანდ ცეცხლაძე.

მას შემდეგ, როგორც თავად ამბობს, თითქმის, ყოველდღე ადის ნაკვეთთან, მაგრამ ვერ შედის:

“ახლა უკვე მე ვერ ვბედავ, გარანტიას არავინ მაძლევს, რომ შევალ, დავთესავ და მერე მოსავალს ავიღებ. ნაკვეთის მიმდებარედ ახლა არავინ ჩანს ხოლმე, მხოლოდ ზედა ტერიტორიებზე ჩანან მესაზღვრეები”.

ამასთან, როლანდ ცეცხლაძის მიწის ნაკვეთის გვერდით არსებულ ნაკვეთში შეუზღუდავად მუშაობს ნაკვეთის მფლობელი.

“ამ ნაკვეთის პატრონი რუსეთის მოქალაქეა, მოსავალიც აიღეს უკვე. ალბათ ეგაა მიზეზი, რომ რუსები ხელს არ ადებენ და ალბათ რაღაც გარანტიებიც აქვთ მათგან მიღებული, არ ვიცი, საკვირველი რამეა”.

ქეთი ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ჩავიდა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

“უკვე იყო ცხელი ხაზი გააქტიურებული, მაგრამ ჩვენ კიდევ ვაპირებთ ამ საშუალების გამოყენებას. მე მქონდა ასევე კომუნიკაცია ევროკავშირის დასამკვირვებლო მისიასთან, რომლის მეშვეობითაც აქტიურდება ხოლმე ცხელი ხაზი. ვისაუბრეთ ამ საკითხზე და იმ მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენ გვექნება. ადამიანებს, რომლებმაც დათესეს ნაკვეთებში, ამდენი შრომა, რესურსი ჩადეს, იმის შესაძლებლობა მაინც მიეცეთ, რომ საკუთარი მოსავალი აიღონ, იმიტომ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები. საუბედუროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა”.

“ეს არის ოკუპაციის რეალური სახე”, – ასე შეაფასა მინისტრმა უკანასკნელი ფაქტი და სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა.

“ამ წლების განმავლობაში ასობით ოჯახი დაზარალდა და წვდომა აღარ აქვთ საკუთარ ნაკვეთებზე, განსაკუთრებით, 2008 წლის [2008 წლის აგვისტოს ომი] შემდეგ. ამ ადამიანების გვერდში ვიდექით, ვდგავართ და კიდევ უფრო აქტიურად დავდგებით. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს მიეცეს საშუალება მიიღოს მოსავალი უსაფრთხოდ”.

ქეთევნ ციხელაშვილის განცხადებით, მიტაცებული ნაკვეთების საკითხი მუდმივად დგას როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

“ხშირად ვაწყდებით ამ საკითხის პოლიტიზებას, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. სახელმწიფოს პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობის გაძლიერება და განვითარება. უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა უწყებათაკომისის მუშაობის ფარგლებში ამ კუთხით. ბევრი კიდევ უნდა გადაიდგას მომავალში”.

წითელუბნის მკვიდრი როლანდ ცეცხლაძე დაკარგულ ნაკვეთზე მისთვის სახელმწიფოს მიერ გადასხადის დაწესების შესახებ საუბრობს:

“ამ ყველაფრის შემდეგ დაკარგულ მიწის ნაკვეთზე ერთი წლის გადასახადი, 401 ლარი მომივიდა. ბევრი სიარული დამჭირდა უწყებებში, რომ გაეუქმებინათ ჩემთვის ეს გადასახადი”.

სოფელ სობისში მომხდარ ფაქტს დღესვე მოკლე და ზოგადი კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი:

“გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და მექანიზმს, რომ აღნიშნული განხილული იქნეს და შესაბამისი სტრუქტურები გაერკვევიან კონკრეტულ შემთხვევებში და განვსაზღვრავთ, რა ნაბიჯები იქნება გადადგმელი”.

აღნიშნულ ტერიტორიებზე მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ვთხოვეთ.

“აღნიშნული ფაქტის შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და IPRM-ის შეხვედრაზე ქართული მხარე დააყენებს ამ საკითხს განსახილველად”.

ქართულმა მხარემ ბოლო წლების განმავლობაში მსგავს ფაქტებზე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. საქართველოს ოფიციალური განცხდებებით, რომელსაც ის ბოლოს წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტების საპასუხოდ აკეთებს, “რუსეთის საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების ღობეების ინსტალაციის პროცესის გამო საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებსა და 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას არღვევს”.

ქართული მხარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს არ გამოხმაურებიან ცხინვალში.

14139031_10210503753173969_1698629212_o

შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ სობისში; ფოტო: შერიგებისა სამინისტრო; 2016

შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ სობისში; ფოტო: შერიგებისა სამინისტრო; 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი