ახალი ამბები

პარლამენტი უგულავას, “კაბელების” და რუსთავი 2-ის საქმეებზე სამი მოსამართლის აცილებას ითხოვს

24 აგვისტო, 2016 • 2844
პარლამენტი უგულავას, “კაბელების” და რუსთავი 2-ის საქმეებზე სამი მოსამართლის აცილებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი გიგი უგულავასა და  “კაბელების საქმეზე”, ასევე, რუსთავი 2-ის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილებას მოითხოვს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელმა, თამარ მესხიამ დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, პარლამენტის მხრიდან მან ორ საქმეზე მოაწერა ხელი მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას. პირველი, მისივე თქმით, ეს არის უგულავა-კაბელების საქმეზე ქეთევან ერემაძის აცილების საკითხი, როგორც სასამართლოს მდივნის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, და მეორე არის რუსთავი 2-ის საქმეებზე კოპალეიშვილის აცილების შუამდგომლობა იმის გამო, რომ მაია კოპალეიშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა.

თამარ მესხიას განცხადებით, პარლამენტის მხრიდან კიდევ არის დაყენებული შუამდგომლობა რუსთავი 2-ის საქმიდან კონსტატინე ვარძელაშვილის აცილების შესახებ, თუმცა ამ შუამდგომლობაზე ხელი თავად არ მოუწერია და მის შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს.

თამარ მესხიას განცხადებით, შუამდგომლობაში, სადაც მოსამართლეების აცილებას ითხოვენ, პარლამენტს შემდეგი არგუმენტაცია აქვს:

“თუ დადასტურდება ის ფაქტი, რაზეც ცნობილი გახდა მერაბ ტურავას განცხადებით, რომ სარჩელები შეიცვალა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა მიკერძოებული იყოს ქალბატონი ქეთევანი მოსარჩელის მიმართ. ვინაიდან ქეთევან ერემაძეს, როგორც სასამართლოს მდივანს, ფუნქციურად ეკისრება სარჩელების რეგისტრაციის პროცესზე ზედამხედველობა. მაია კოპალეიშვილის მიმართ ადრეც გვქონდა დაყენებული შუამდგომლობა, და ის ფაქტები, რაც პირველი კოლეგიის მხრიდან გამოვლინდა რუსთავი 2-ის საქმეზე, ანუ ადრეც გვქონდა კითხვის ნიშნები მიკერძოებაზე. მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის, ნათელმირონული კავშირის არსებობის თაობაზე. ამან კიდევ ერთხელ გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ შესაძლოა მიკერძოებული იყოს. თუ დადასტურდება, რომ ქალბატონმა მაიამ თავის დროზე, როდესაც მისი აცილების საკითხზე მსჯელობდა კოლეგია, არ ჩააყენა კოლეგია საქმის კურსში ასეთი კავშირის თაობაზე, ჩვენ მით უფრო არ ჩაგვაყენა საქმის კურსში, მხარე, უფრო მეტად ჩნდება ეჭვი. ამიტომაც, რადგან გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, სასურველია, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად იქნება ქალბატონი მაია მიუკერძოებელი ამ საქმეზე,”-ამბობს თამარ მესხია.

მესხიას განმარტებით, რუსთავი 2-ის საქმეების განხილვა უკვე დასრულებულია და მოსამართლეები სათათბირო ოთახში არიან გასული.

იურისტის განმარტებით, პარლამენტის მიერ შუამდგომლობების დაყენება პროცესის გაწელვას არ გამოიწვევს:

“გადაწყვეტილება რომ გამოიტანონ, აუცილებელია, რომ კენჭისყრა ჩატარდეს მოსამართლეებს შორის. მაგრამ, რადგან ერთ-ერთი მოსამართლეზე არსებობს ეჭვი, რომ მოუკერძოებელი არ არის, ამ დროს ჯერ უნდა იმსჯელონ სწორედ აცილების თაობაზე. ეს არ გამოიწვევს გაჭიანურებას და შეუძლიათ, რომ ერთ სხდომაზე გადაწყვიტონ ეს ყველაფერი. მეორე, “კაბელების საქმეზე”, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა იმსჯელონ აცილების თაობაზე და შემდეგ გაგრძელდეს,”- ამბობს თამარ მესხია.

იმის შესახებ, რომ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მოსამარლეების აცილების საკითხი დააყენა, მოსამართლე დავით სიჭინავამ რუსთავი 2-თან განაცხადა.

„სანამ აცილების საკითხს კენჭი არ ეყრება, მანამ ეს პროცესები ვერ გაგრძელდება,“-განაცხადა სიჭინავამ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პლენუმს მოსამართლეთა აცილების საკითხზე გუშინ, 23 აგვისტოს უნდა ემსჯელა, თუმცა, სხდომა ჩაიშალა. საორგანიზაციო სხდომასთან დაკავშრებით ინფრორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთი” საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელები, ასევე, კაბელებისა და უგულავას საქმეები განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონში შესაბამისი ცვლილება დაამტკიცა.

 

ვინ აძლევს დავალებებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელს?

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელი იურიდიული კომიტეტის თანამშრომელია. ამისთვის პარლამენტში ორი შტატია გამოყოფილი.

როგორც ხმალაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს, თუმცა, მას მერე, რაც ეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული, წარმომადგენლებს დამოუკიდებელი მოქმედების უფლება აქვთ.

“რიგ შემთხვევებში, ისინი კონსულტაციებს გადიან სხვებთანაც. ძირითადად, ჩემთან, ასევე, კომიტეტის აპარატის სხვა თანამშრომლებთან,”- ამბობს ხმალაძე და დასძენს, რომ გასაჩივრებული საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა წარმომადგენლებს სხვა კომიტეტებთანაც დასჭირდეთ კონსულტაციები. მისივე თქმით, განსაზღვრული წესი, თუ ვისთან უნდა გაიარონ კონსულტაციები წარმომადგენლებმა, არ არსებობს.

ხმალაძე ასევე აღნიშნავს, რომ კონსულტაციები და რეკომენდაციები წარმომადგენლებისთვის გასათვალისწინებლად სავალდებულო არ არის.

კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში, რომ პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში მსგავს შუამდგომლობებს დააყენებდა, ხმალაძე პასუხობს, რომ მას მხოლოდ ერთი შუამდგომლობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია:

“ერთ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ვიყავი ინფორმირებული. ეს შუამდგომლობა ეხებოდა მაია კოპალეიშვილის აცილებას. ჩემი პასუხი იქ იყო ასეთი, რომ თქვენი გადასაწყვეტია, ამ საკითხს დააყენებთ თუ არა, ანუ, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არგუმენტი არის საკმარისი აცილების დასაყენებლად, მაშინ შეგიძლიათ, ეს საკითხი დააყენოთ,”- განმარტა ვახტანგ ხმალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი