ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა ვაშინგტონთან ვიდეოკონფერენციაზე

12 აპრილი, 2012 • 1103
რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა ვაშინგტონთან ვიდეოკონფერენციაზე

აშშ-ის საელჩოში  დახურულ კარს მიღმა გაიმართა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები და საქართველოს ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები: ირაკლი ალასანია (”თავისუფალი დემოკრატები”), დავით უსუფაშვილი (”რესპუბლიკური პარტია”), გიორგი თარგამაძე (”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”) და დავით გამყრელიძე (”ახალი მემარჯვენეები”).

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

”ჩვენი საუბარი შეეხო იმ საკითხებს, თუ როგორ უნდა შედგეს საქართველოში კონკურენტული არჩევნები, რაც შედის ჩვენი პარტნიორის ინტერესებშიც. ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ, კერძოდ, ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ ხორციელდება. ისინი იყვნენ ინფორმირებულნი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე შექმნილ ვითრებაზე და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბოლო დროს განხორციელდა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მედიის საკითხებსაც:

”გვაქვს იმედი, რომ ძალიან მალე დაიწყება მედიამონიტორინგი და გაჩნდება შესაძლებლობა ” რუსთავი 2”-სა და ”იმედზე” პოლიტიკური დებატების გამართვის.”

დავით უსუფაშვილის თქმით, ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრეს კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც განიხილავს საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს:

”მათ დიდი მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ძალიან დიდი მუშაობა გაწიეს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის პერიოდში. ისინი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები, უშუალოდ შეხვდნენ ამ მოქალაქეებს, ადგილზე ჩავიდნენ და ამან შედეგი გამოიღო და შეაჩერა კონტროლის პალატის უკანონო ქმედებები. ჩვენ ვთხოვთ, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი და ამან წინაასარჩევნო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღოს.”

გიორგი თარგამაძის თქმით, მათ ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში მიეცემა თანაბარი პირობები არჩევნებში მონაწილეობისთვის:

”ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულნი ხალხში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, არ იქნება მთავარი თემა კომბალი და ვიღაცის ამ გზით ჩამოგდება, ან გადაგდება. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართვასთან დააკავშირებით”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიდეოკონფერენცია ვაშინგტონში მომავალი კვირისათვის დაგეგმილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპია. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთია იმ ოთხი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი