ახალი ამბები

თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოს” სირიის სასაზღვრო ქალაქში შეუტია

24 აგვისტო, 2016 • 2222
თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოს” სირიის სასაზღვრო ქალაქში შეუტია

თურქეთის სამხედროებმა დაიწყეს ოპერაცია სირია-თურქეთის სასაზღვრო ქალაქ ჯარაბლუსის ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან “გასაწმენდად”. ადგილობრივი მედიის, “ანადოლუს”, ცნობით, თურქულმა არმიამ ჯარაბლუსის დაბომბვა ადგილობრივი დროით დღეს, 24 აგვისტოს, დილის 4 საათზე დაიწყო.

BBC იუწყება, რომ ჯარაბლუსში საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად – 70, ხოლო საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 სამიზნე განადგურდა. ჯარაბლუსის მოსაზღვრე თურქული ქალაქი კარკამიში თურქეთზე ISIS-ის ბოლო თავდასხმის შემდეგ ევაკუირებულია.

თურქეთის სპეციალურ ძალებს სირიაში თურქეთისა და აშშ-ის საჰაერო ძალების კოალიცია უჭერს მხარს. “თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო ძალების საერთაშორისო კოალიციამ დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია სირიის ქალაქ ალეპოს ჯარაბლუსის პროვინციის გაწმენდა “სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფოსგან” (ISIS), – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

თურქული ტანკები სირიის სასაზღვრო ქალაქ ჯარაბლუსისკენ მიმავალ გზაზე. 24.08.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქული ტანკები სირიის სასაზღვრო ქალაქ ჯარაბლუსისკენ მიმავალ გზაზე. 24.08.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქეთის მხრიდან სირიული ქალაქის, ჯარაბლუსის დაბომბვა მოჰყვა ISIS-ის მიერ 21 აგვისტოს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფზე თავდასხმას: გაზიანთეფში ქორწილის დროს აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

BBC-ის ცნობით, თურქეთი ასევე მხარს უჭერს სირიელი ამბოხებულების თავდასხმას ჯარაბლუსზე, რაც, საინფორმაციო საშუალების შეფასებით, პრევენციული ზომაა, რათა ჯარაბლუსი სირიაში ქურთულ ძალებს არ ჩაუვარდეთ ხელში.

BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ამავე მიზნით დაბომბეს ბოლო დღეებში თურქეთის სამხედრო ძალებმა ქურთული “ხალხთა დაცვის გაერთიანების” (YPG) პოზიციები. YPG-ს თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად და 1980-იანი წლებიდან ავტონომიის მოთხოვნით მებრძოლი “ქუთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) დანამატად მიიჩნევს.

საზღვარზე თურქეთის მხრიდან გადაღებული ფოტოზე ქალაქი ჯარაბლუსი ჩანს თავდასხმის შემდეგ. 24.08.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

საზღვარზე თურქეთის მხრიდან გადაღებული ფოტოზე ქალაქი ჯარაბლუსი ჩანს თავდასხმის შემდეგ. 24.08.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თუმცა “ხალხთა დაცვის გაერთიანებას” ე.წ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში აშშ უჭერს მხარს. “ბიბისის” ცნობით, გუშინ YPG-მ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ ჰასაკეს ტერიტორიის დიდი ნაწილი აიღო.

სირიის სამთავრობო ძალები პირდაპირ არ არიან ჩართული ჯარაბლუსში, თურქეთ-სირიის საზღვართან მიმდინარე ომში. მათ ჩრდილოეთ სირიაში 5-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად პოზიციები დაკარგეს. თურქეთს დიდი ხანია ასეთი პოზიცია აქვს: სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა სირია უნდა დატოვოს, რათა სირიაში მშვიდობას მიაღწიონ. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადი ერთ-ერთი მოთამაშეა და გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია ლიდერის როლი შეასრულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი