პრემიერი ქორწინების თანასწორობის საწინააღმდეგო რეფერენდუმზე პრეზიდენტის არგუმენტს არ იზიარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმის თაობაზე პრეზიდენტის ერთ-ერთ არგუმენტს არ ეთანხმება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ზემოხსენებული გადაწყვეტილების კონტრასიგნაციის საკითხი განიხილება.

“გამოგვაქვს კონტრასიგნაციის საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა  რეფერენდუმის მოწყობაზე უარი განაცხადა და მთავრობა ვალდებულია, რომ განიხილოს ამ ბრძანებულების კონტრასიგნაცია.  შესაძლოა ჩვენ არგუმენტაციაში გვქონდეს სადავო და ნამდვილად სადავოა ის არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს. ჩვენი აზრით, ეს ასე არ არის. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს და პარლამენტში სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდა  ინიციატორი ამ საკონსტიტუციო ცვლილების. ეს პროცესი დაწყებულია და, ბუნებრივია, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ ამ ცვლილებას აუცილებლედ განვახორციელებთ და ეს ჩანაწერი აისახება საქართველოს კონსტიტუციაში. ის სპეკულაციები, რომ დასავლეთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ასე შემდეგ… ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური  და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

200 000 მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უკვე თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აგვისტოს. თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კი ორი არგუმენტი მოიყვანა:

რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონით რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოში რეფერენდუმი ბოლოს 2003 წელს ჩატარდა, რომლის საფუძველზეც შეიცვალა პარლამანეტის წევრთა რაოდენობა 150–მდე. მაშინ, მართალია, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე საქართველო ვერ ავრცელებდა იურისდიქციას, თუმცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში და ამის შემდეგ აღიარა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ხოლო იმ რეალობაში, სადაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, მარგველაშვილის თქმით, რეფერენდუმის ჩატარება დამატებით არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს.

მეორე არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა არ დანიშნა რეფერენდუმი, არის ის გარემოება, რომ კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას.

სარეფერენდუმო წინადადება, რომელიც ცესკომ 12 ივნისს გაატარა რეგისტრაციაში, შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ სოსო მანჯავიძის ცნობით, პლებისციტის წინადადებაც ზუსტად ამავე ფორმულირების იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com