ახალი ამბები

ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

12 აპრილი, 2012 • • 1116
ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. ლეონ პანეტა აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს  ესტუმრა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა.

ავღანეთში 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები  სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი