ლევან იზორია: საზოგადოება მალე გაიგებს, საიდან იღებდნენ დავალებას დაკავებულები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ საზოგადოება მალე გაიგებს, თუ რა კავშირები არსებობს, სუს-ის ვერსიით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენ მილზე დაგეგმილი ტერაქტის საქმეში.

“როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამას აბსოლუტურად ვენდობი იმიტომ, რომ აქ კონკრეტული გარემოებებითა და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე. თუ რა კავშირები [არსებობს] და საიდან იღებდნენ დავალებებს, ამის შესახებ ახლო მომავალში გაიგებს საზოგადოება”, – თქვა ლევან იზორიამ დღეს, 23 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 20 აგვისტოს 5 ადამიანი დააკავა რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენ მილზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და 1 – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე დაკავებულს (ბ.ბ, ი.ჭ, ჯ.მ, ლ.მ, ი.ბ, მ.ვ, ვ.რ) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათი წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

გამოძიების ვერსიით,  სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფის წევრები ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად, ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების შემდეგ, იარაღის ავტომანქანაში მოთავსებისას, 20 აგვისტოს დააკავეს.

როგორც პროკურორი ამბობს, ჯგუფის წევრებს ამ დროისათვის უცნობმა პირმა/პირებმა შეატყობინა ჟინვალი-შატილის გზის მახლობლად ტყეში შენახული იარაღის ადგილმდებარეობის შესახებ. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია მისი/მათი [ინფორმაციის წყაროს] ვინაობა.

გუშინ, 22 აგვისტოს, სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა. სავლე მოთიაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული [ვ.რ] ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, მისი თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com