ახალი ამბები

შიმშილობის მეშვიდე დღეს ნატა ფერაძის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

23 აგვისტო, 2016 • 1597
შიმშილობის მეშვიდე დღეს ნატა ფერაძის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

პარტიზანული მებაღეობის ცნობით, შიმშილობის მეშვიდე დღეს ნატა ფერაძეს შაქარი დაუვარდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მან შიმშილობა 17 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს. სასწრაფომ ფერაძე რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადაიყვანა.

პარტიზანული მებაღეობის განცხადებით, პროტესტი ამით არ მთავრდება. დღეიდან შიმშილობას კიდევ ერთი გარემოს დამცველი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი იწყებს. მისი თქმით, ეს არის უკვე პროტესტის უკიდურესი ფორმა.

მათი მოთხოვნები უცვლელია: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენება, ასევე, სამსახურის სტრუქტურის შეცვლა.

“გვჯერა, რომ სახელმწიფოს თავისი მოქალაქეები ბოლომდე არ დავიწყებია და მალე გამოგვეხმაურება,” – ამბობენ პარტიზანი მებაღეები.

20 აგვისტოს თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოცხადდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნარმანიას გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესის და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის  საჭიროებითაა გამოწვეული.

პარტიზანული მებაღეობის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმის გამოძიება დაიწყო. გარემოს დამცველების პროტესტი 17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირზე საღი ხეების მოჭრას მოჰყვა. პარტიზანი მებაღეების თქმით, თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი