ახალი ამბები

პრემიერის შეხვედრას მოსახლეობასთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი ესწრებოდა

23 აგვისტო, 2016 • 1485
პრემიერის შეხვედრას მოსახლეობასთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი ესწრებოდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას ნინოწმინდის მოსახლეობასთან ადგილობრივი პოლიციელი ესწრებოდა, რაც იურისტის განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

22 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა. შეხვედრას სხვა მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი არმენ ბდოიანი, რომელიც ნინოწმინდის საპატრულო პოლიციაში მუშაობს.

გიორგი კვირიკაშვილის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ იგი ტაშს უკრავს შეხვედრის მიმდინარეობის დროს და დგას “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის. პოლიციელს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებას საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ ქვეპუნქტი უკრძალავს.

არმენ ბდოიანი

არმენ ბდოიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმღვანლის მიხეილ ბენიძის განმარტებით, აღნიშნული საკანომდებლო რეგულაცია საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს როგორც აქტიური, ისე პასიური სააგიტაციო უფლებით სარგებლობას ურღუდავს.

ბენიძის გამმარტებით, პოლიციელი მხოლოდ შეიძლება ესწრებოდეს საარჩევნო შეხვედრას, თუ იგი ასრულებს საკუთარ მოვალეობას, დაიცვას წესრიგი. სხვა შემთხვევაში პოლიციელებს და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ეკრძალებათ მონაწილეობის უფლება წინასაარჩევნო შეკრებებში, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და ამის გამოხატვა, ამბობს ბენიძე.

აკრძალვის მიზეზად იურისტი ასახელებს იმ გარემოებას, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები წარმოადგენენ სახლემწიფოს ძალიან სპეციფიკურ ფუნქციას და ასეთი მნიშვნელოვანი ფუქნციის მატარებელი სტრუქტურები არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს.

“ეს უწყებები უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული და, შესაბამისად, არ შეიძლება ისინი რაიმე ფორმით გამოხატავდნენ მხარდაჭერას რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი. თითოეული პოლიციელი ამ უწყებას წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა არის წესრიგის დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიციელი არ არის საკუთარ ფორმაში. მაინც მას ასეთი მაღალი პასუხისმსგებლობა ეკისრება”, – ამბობს ბენიძე.

მიხეილ ბენიძის თქმით, აღნიშნული ნორმის დარღვევა სანქციად 2000 ლარამდე ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ან საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საკითხს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის აქტს, თუმცა დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი