ახალი ამბები

“ეროვნულმა ფორუმმა” რამდენიმე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

22 აგვისტო, 2016 • 1600
“ეროვნულმა ფორუმმა” რამდენიმე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 22 აგვისტოს “ეროვნულმა ფორუმმა” რამდენიმე ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ შარტავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული წარდგენილი კანდიდატი პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შეარჩიეს და მათ “ეროვნული ფორუმის” მხარდამჭერების ნდობა აქვთ:

“პრინციპი ასეთია  – ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი საქართველო. ანუ ადამიანები, რომლებიც რეალურად, თავისი ცხოვრებით, შრომით, განასახიერებენ იმ უბანს, იმ ოლქს, იმ ქალაქს, ფორუმის პროგრამით, სადაც მათ ამომრჩეველთან და რეალურად თავად განასახიერებენ ამომრჩეველს, რადგან ორგანულად არიან დაკავშირებული იმ ოლქებთან, რომლებიც უნდა წარმოადგინონ საქართველოს პარლამენტში და შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლების და ოლქის ინტერესებიც დაიცვან პარლამენტში და პარლამენტის მეშვეობით საქართველოს ინტერესებიც დაიცვან” – თქვა შარტავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ მიერ დასახელებული კანდიდატები საკუთარ სფეროში კვალიფიციური და გამოცდილები არიან. როგორც კახაბერ შარტავა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, ისინი პარტიის აქტიური წევრები არიან და ყველა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ.

“ეროვნული ფორუმის” სახელით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:

შოთა იამანიძე, დიპლომატი – დიდუბის N 15 მაჟორიტარული ოლქი;

თამარ ციხისელი, იურისტი – ნაძალადევის N 17 მაჟორიტარული ოლქი;

გიული შენგელია, პედაგოგი – გლდანის N 20 მაჟორიტარული ოლქი;

გელა გელაშვილი, იურისტი – თელავი-ყვარელის N 27 მაჟორიტარული ოლქი;

ნანა ქვრივიშვილი, ჟურნალისტი – ქარელის N 40 მაჟორიტარული ოლქი;

ალექსანდრე ნონიაშვილი, ეკონომისტი – დმანისი – წალკის N 34 მაჟორიტარული ოლქი;

გურამ მჭედლიძე, ეკონომისტი – ქალაქ გორის N 41 მაჟორიტარული ოლქი;

ოთარ ხარჩილავა, სამართალმცოდნე – ფოთის N 61 მაჟორიტარული ოლქი;

ბესიკ ჩუბინიძე, ჟურნალისტი – ისნის N 8 მაჟორიტარული ოლქი;

როგორც პარტიის ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, ამ დროისთვის “ეროვნული ფორუმი” სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და ოლქების განვითარების გეგმაზე მუშაობს:

“ამ ეტაპზე თითქმის დავასრულე მუშაობა თელავისა და ყვარლის განვითარების გეგმაზე, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაწყებული სოფლის მეურენობით დამთავრებული თითქმის ყველა სფეროს, სადაც მკაცრადაა გაწერილი გასაკეთებელი საქმეების ნუსხა. მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და გადაიჭრას ის პრობელმები, რაც რეგიონშია დაგროვილი” – ამბობს “ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატი გელა გელაშვილი.

კახაბერ შარტავას თქმით, “ეროვნული ფორუმი” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდენას მომავალი კვირის განმავლობაში გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი